2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცედურების ვიდეოგადაღება განხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 2021 წლის არჩევნების წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც კიდევ უფრო ზრდის არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს მოქალაქეების ნდობის გამყარებისთვის.
შუალედურ არჩევნებზე აუდიო-ვიდეო ფიქსაცია რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საარჩევნო ოლქებში, ყველა საარჩევნო უბანზე განხორციელდება. უკვე შერჩეული არიან საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი პირები ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან.
8 ოპოზიციური პარტიის 131 წევრი საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს. იმის მიუხედავად, რომ 50-მა წევრმა უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო განმეორებითი წილისყრის პროცედურები და შედეგად, თითოეულ უბანზე წარიმართება ხმის დათვლის პროცედურების ვიდეოგადაღება.
წილისყრით გამოვლენილი პირებს არჩევნებამდე, შესაბამის დეტალურ ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ ტრენერები, რომელთაც ცესკოში უკვე გაიარეს სპეციალური გადამზადება.
ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია პირველად 2 ოქტომბრის არჩევნებზე წარმატებით განხორციელდა. ვიდეოგადაღებამ უზრუნველყო საარჩევნო პროცესის მეტი გამჭვირვალობა და პროექტი წარმატებულადაც შეფასდა.