ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს 2 აპრილის შუალედური არჩევნების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია შშმ ამომრჩევლებს სთავაზობს. მისი თქმით,ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვსარჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამასთან, კენჭისყრის დღეს შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სერვისები: ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის – ხმის მიცემის კაბინა, მცირედ მხედველი ამომრჩევლებისთვის- გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის-საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა და ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისა და მხარდამჭერის მიმღები პირებისათვის – კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის2022 წლის სამოქმედო გეგმაც გააცნო, რომელიც შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებსასწავლო მოდულის შექმნას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.
ცესკოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი დიმიტრი ჯავახაძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა შშმ ამომრჩევლებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.