დავით ზალკალიანი: პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლის ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის

პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლის ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, რადგანაც მოგეხსენებათ, საგარეო პოლიტიკა არoს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აცნობა.

დავით ზალკალიანმა იმ წარმატებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში იქნა მიღწეული, მათ შორისა – ასოცირების შეთანხმება (AA), რომელზეც დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ხელი, სწორედ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

„როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ, წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, ჩენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, პოზიციონირებისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, უსერიოზულესი გამოწვევებით აღსავსე სხვადასხვა პოზიციებზე. მე დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე ვიყავი, როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი, ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი, რაც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში არის ძალიან დიდი ნდობა. მე მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევა, როგორ ჩვენი მთავარი საგარეო კურსის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით რაც არის ოკუპაცია. საქართველომ შეძლო და მე მეამაყება, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში, ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკაშირი, თუ ევროპის საბჭო, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. ისე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, ჩვენ დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და მკაფიოდ იყო გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მეამაყება ასევე, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების, მისი პარაფირების პროცესში და შემდეგ უკვე პრემიერმა მოაწერა ხელი, გახსოვთ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო ალბათ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მე მინდა, რომ ჩემს ძვირფას მეგობარს და კოლეგას, ბატონ ილიას წარმატება ვუსურვო, ვინაიდან ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა ჩვენთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და აქ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია ყველას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ ახალ პოზიციაზე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოვადგენდე საქართველოს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე პირობას გაძლევთ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ უკვე ახალ პოზიციაზე და პირობას გაძლევთ, ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა, ჩემი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა. ძალიან დიდი მადლობა, მინდა, ილიას დიდი წარმატება ვუსურვო და ყველანაირად აღვუთქვა, რომ მის გვერდში ვიქნები ამ მისიის შესრულების დროს,”- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

Back to top button