საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულქვისტი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შვედეთის დელეგაციას ოფიციალური ცერემონიალით დახვდნენ, რის შემდეგაც შვედ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მინისტრებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას, რაც მხარეების განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით შვედეთის მხარდაჭერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პიტერ ჰულქვისტს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის მხარდაჭერისთვისა და სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა შვედ კოლეგას საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

Back to top button