ისკო დასენი: უაზრობად მიმაჩნია იმ აბსურდში მონაწილეობის მიღება, რომელშიც უნდა ვამტკიცო, რომ ჩაჩი დასენი ჩემი შვილი არ არის

სამწუხაროდ, ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დღემდე მიზანმიმართულად მიმდინარეობს ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანია, ჩემი სახელის დაკავშირება ხდება ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც, უმეტეს შემთხვევაში, ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს, რომ არაფერი ვთქვა იმ გამოგონილ ბრალდებებზე, რომლებიც თითქოსდა ჩემს მიერ მათი ბიზნესის მფარველობაში გამოიხატება, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ისკო დასენი წერს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია ,,ტვ პირველის“ მიერ მომზადებული ყალბი, მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი სიუჟეტები, როდესაც მე და ჩემს ოჯახს არარსებულ, გამოგონილ დანაშაულებრივ საქმიანობაში გვდებდნენ ბრალს. ის, რომ გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები და მათ შორის ყველაზე რადიკალურად განწყობილი პარტიები, საკუთარი პარტიული მედიასაშუალებების გამოყენებით დიდი ხანია ცდილობენ ჩემი ოჯახის წევრები სხვადასხვა სახის ბიზნეს მაქინაციებში დაადანაშაულონ და ამით მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს ჩრდილი მომაყენონ, ჩემთვის ახალი არ არის.

აღარც ის მაკვირვებდა, მსგავსი გამოგონილი და შეთხზული სიუჟეტების მომზადებისას ზოგიერთი ,,ვაი-ჟურნალისტები“ წარსულში ჩემს ოჯახში შემოჭრასაც რომ აღარ ერიდებოდნენ, სადაც ქალები და პატარა ბავშვები იმყოფებოდნენ. მაგრამ ამჯერად ნამდვილად გამაკვირვა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტში მონაწილე აშკარა აგენტი-პროვოკატორისა და გადაცემის წამყვანის ფანტაზიის მასშტაბებმა, როდესაც ვინმე ჩაჩი დასენი ჩემს შვილად მოიხსენიეს, ხოლო მისი ე.წ. შავი ბიზნესის „დაკრიშვა“ კი, კოლოსალური თანხების სანაცვლოდ, ჩემი როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის ძირითად საქმიანობად დაასახელეს. ეს ადამიანები პირადად მე მაკავშირებენ ისეთ ფაქტებთან და მოვლენებთან, რასაც არასოდეს ჰქონია ადგილი და ყველაფერი ეს მტკიცებით ფორმაში ხდება.

ჩემი მხრივ, უაზრობად მიმაჩნია იმ აბსურდში მონაწილეობის მიღება, რომელშიც უნდა ვამტკიცო, რომ ჩაჩი დასენი ჩემი შვილი არ არის და არც იმ კომპანიასთან და ბიზნეს საქმიანობასთან არასოდეს მქონია პირდაპირი თუ ირიბი შეხება, რასაც ასე ურცხვად მაბრალებენ. გადაცემის ავტორთა დილეტანტიზმი იქამდე მივიდა, რომ ელემენტარული რეალობა – ჩემი ოჯახის წევრთა ვინაობაც კი ვერ გაურკვევიათ.

ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც აშკარაა, რომ ხელმოცარულ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა არაფერი დარჩენიათ და ადამიანების უსამართლოდ დისკრედიტაციის გზით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური კრახის გადაფარვას, თუმცა საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილია მათი ეს იაფფასიანი სვლები და ამ ყველაფერს პერსპექტივა არ გააჩნია“, – წერს ისკო დასენი.

Back to top button