ილია დარჩაშვილი: საქართველომ მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე

„საქართველოს ევროინტეგრაციის მთელი პროცესის განმავლობაში ჰქონდა გამორჩეული დღეები, როდესაც ის ხელშესახებად მიიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე და დღევანდელი დღეც ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოხდა ევროკავშირისადმი მიმართვა საქართველოს გაწევრიანების შესახებ და სწორედ ამ მიმართვის გამოძახილია დღევანდელი დღე, როდესაც საქართველომ მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს შევსება კითხვარის, გადმოგზავნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, რათა საქართველომ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება პირველ რიგში იქნება მობილიზებული ამ პროცესში მონაწილეობისთვის.

ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გააგრძელებს პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატში აქტიურ მუშაობას.

„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავუმყაროთ მათ მოლოდინები, რომელიც საქართველოს მიმართ აქვთ. თუმცა როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ევროკავშირის მხრიდან, მინდა გითხრათ რომ დღევანდელი დღე არის იმის კარგი მაგალითი, რომ საქართველო კვლავ რჩება სანდო პარტნიორად ევროკავშირისთვის და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები,” – განაცხადა მინისტრმა.

 

„მოსახლეობას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობისა და პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროპული მომავალია და ჩვენ ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის და მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში,” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

Back to top button