სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობა ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა. სამხედროები ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ. დღეს თბილისის მეტროსადგურებთან მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს კონტრაქტის, ასევე პროფესიით ჯარში სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხედრო საქმის მიმართ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიკვეთა. მოქალაქეების კითხვებს სამხედროებმა ამომწურავად უპასუხეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. ჯარისკაცებმა აღნიშნეს, რომ უწყებაში მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები. კარიერული განვითარების შესახებ საუბრისას სამხედროებმა განმარტეს, რომ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე.

 

უწყება ორიენტირებულია სამხედრო პირი თავდაცვის ძალებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით სამსახურის დასრულების შემდეგაც იყოს კონკურენტული. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ – Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში – თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.

 

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Back to top button