საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე.

ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში ნატო-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი. გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც ნატო-ს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.

 

Back to top button