უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ, არ გავჩუმდები – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ტვ „პირველის“ თოქშოში „რეაქცია“ განაცხადა.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, მის პირდაპირ შეკითხვაზე, აქამდე იყო რაც თქვენ შეშფოთებას, აღშფოთებას, შეწუხებას, ეჭვს იწვევს? პასუხი იყო ასეთი – ჯერჯერობით არა.
„არ მაქვს პატივი ვიცნობდე უკრაინის დაზვერვას და არც მის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ როდესაც ვკითხულობ ფორმულირებას საქართველოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო არხის გახსნაზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით, დიპლომატიაში ვარ დიდი ხანი და ვიცი, განცხადება როგორ და რისთვის არის შედგენილი. უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის მე ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ იმ წუთას და პირველი ვიტყვი შენთან ეთერში ამას და არ გავჩუმდები. ჩემს პირდაპირ შეკითხვაზე და ნებართვა მაქვს ამაზე აღებული რომ ვთქვა, აქამდე იყო, რაც თქვენს შეშფოთებას, აღშფოთებას, შეწუხებას, ეჭვს იწვევს? პასუხი იყო ასეთი – ჯერჯერობით არა“ – განაცხადა გვრიგოლ ვაშაძემ.