,,ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფე მოღალატედ გამოაცხადა. ჩვენთან სიტყვის სრული თავისუფლებაა და ყველას შეუძლია, რაც ენაზე მოადგება, ნებისმიერი სისულელე თქვას, თუმცა, ლევან ბერძენიშვილი სულელი არ არის და ზუსტად იცის, რას ამბობს და რატომ ამბობს. რასაკვირველია, მან ისიც მშვენივრად იცის, რომ ერეკლეს ლანძღვით ისტორიას აყალბებს, თუმცა, მას ისტორია არც აინტერესებს,” – ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ლევან ბერძენიშვილს.
როგორც მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, ბერძენიშვილი იმ იდეოლოგიურ ხაზს აგრძელებს, რომლის ძირითადი სამიზნეც ახალგაზრდობაა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული ცნობიერების წაშლას.
,,ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფე მოღალატედ გამოაცხადა. ჩვენთან სიტყვის სრული თავისუფლებაა და ყველას შეუძლია, რაც ენაზე მოადგება, ნებისმიერი სისულელე თქვას, თუმცა, ლევან ბერძენიშვილი სულელი არ არის და ზუსტად იცის, რას ამბობს და რატომ ამბობს.
რასაკვირველია, მან ისიც მშვენივრად იცის, რომ ერეკლეს ლანძღვით ისტორიას აყალბებს, თუმცა, მას ისტორია არც აინტერესებს. სინამდვილეში იგი აგრძელებს იმ იდეოლოგიურ ხაზს, რომლის ძირითადი სამიზნეც ახალგაზრდობაა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული ცნობიერების წაშლას. უნდათ, რომ შექმნან ახალი ადამიანები ანუ სტერილური მანქურთები, რომელთაც არც სამშობლო ეხსომებათ, არც – ისტორია, არც – ის, თუ საიდან მოდიან და არც იმაზე იფიქრებენ, საით მიდიან. ერეკლესთვის მოღალატის დაძახებას თუ მიგვაჩვევენ, მერე ახალი ყაიდის გმირებს შეგვთავაზებენ, ისეთებს, რომლებიც კაცობრიობის აქამდე არსებული ღირებულებათა სისტემაში სამარცხვინოდ მიაჩნიათ.
ლევან ბერძენიშვილი მარტო არ არის ამ საქმეში, ამ იდეოლოგიის დამკვიდრებას უსამშობლოთა მთელი კლასტერი ემსახურება და ასეთი გამოხდომები სწორედ ამ კლასტერის წევრების შეკავშირება-შედუღაბებასაც ემსახურება! ერეკლე მოღალატეა, სამშობლო კი არ არსებობს – ანუ ყველა ის ფასეულობა უნდა ამოიძირკვოს, რასაც ქართული ფენომენი ეფუძნება. რატომ დაემართათ ასე და რამ დაუნთოთ გულებში სიძულვილის ხანძარი, ფსიქოლოგების კვლევის საგანია, მაგრამ ერეკლე მეფისთვის მოღალატის ძახილი მხოლოდ ისტორიის გაყალბება კი არ არის, არამედ ძირითადი ადამიანური ღირებულებების თავდაყირა დაყენების მცდელობის გაგრძელებას წარმოადგენს.
ისეთი გარემოს და ვითარების შექმნას ისახავს მიზნად, სადაც სიკეთეს ბოროტება ერქმევა, იუდას – გმირი, ვაჟკაცობა სამარცხვინო გახდება, ხოლო – ჩახდა და ფორთხვა საამაყო! ცხადია, რომ ამ გარემოსთვის ერეკლე მიუღებელია და ხელს უშლით, ოღონდ მხოლოდ ერეკლე კი არა, მიუღებელია ყველაფერი ქართული. ნაბიჯ-ნაბიჯ და დაჟინებით ცდილობენ, რომ ეროვნული მეხსიერების ფესვებში საწამლავი ჩაასხან! თითქოს უცნაურია, რომ მაინცდამაინც ერეკლე ამოიჩემეს – თხუთმეტი წლის ყმაწვილი შევიდა პირველ ომში და ლამის ოთხმოცი წლისაც წინა ხაზზე იბრძოდა.
თუმცა, სინამდვილეში, სწორედ მაგიტომ ვერ იტანენ! ერეკლეს რომ მოღალატედ გამოაცხადებ და ყველაფერს გააუკუღმართებ, მერე თავად იოლად დაიბრალებ გმირობასაც და ბრძნობასაც.
ორასი წლის ძნელბედობის შემდეგ ქართლ-კახეთს ისევ ქრისტიანი მეფე ეღირსა, რომელმაც ვეება იმპერიებს შორის მოქცეული განადგურებული და გაპარტახებული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა! დღეს რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველო რომ ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანაა და ევროპის სრულუფლებიან წევრობას ვესწრაფვით, ამაშიც ერეკლე მეფეს უზარმაზარი წვლილი უძევს! სამაგიეროდ კი ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ერეკლე მოღალატეა, სამშობლო არ არსებობს და ამ სიმართლით უნდა ვიცხოვროთ?! ვითომ შორს წავალთ ამ სიმართლით?! ერეკლეს მოღალატედ გამოცხადება არ არის უბრალო საკითხი, სინამდვილეში დივერსიაა ეროვნულ ცნობიერებაზე და ეროვნული ნიჰილიზმის გაღვივებას ისახავს მიზნად. ამას რომ მივეჩვევით, მერე ახალი თემა წამოვა, თუმცა, ერთი სიკეთე ამ მავნეობასაც ახლავს, ვინაიდან ერთგვარი სწრაფი ტესტია, რომელიც იოლად ადგენს, ვინ რომელი კლასტერის წევრია და ვინ რისთვის ცხოვრობს ამ ქვეყნად” – წერს მაღლაფერიძე.