DIBS-ისა და თსუ-ს თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ახალი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება იგეგმება.

 

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმებას სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი.

 

“სამაგისტრო პროგრამა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებული საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი პირებისთვის არის განსაზღვრული. ასევე, სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“, რომელიც განსაზღვრულია თავდაცვის უწყების გენერლის, პოლკოვნიკისა და ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვის. პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსაც.

 

სამაგისტრო პროგრამა ერთწლიანია და მისი განხორციელება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება. კურსდამთავრებულებს საჯარო მმართველობის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია მიენიჭებათ. ახალი სამმხრივი მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო აღმასრულებელი დონის ხელმძღვანელი პირებისთვის უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღების კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button