სვიმონ ჯანგულაშვილი: კელი დეგნანს მინდა ვკითხო, რატომ თხოვს ხელისუფლებას შერიგებასა და მორიგებას ადამიანებთან, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, რუსეთთან საბედისწერო ომში ჩაგვითრიონ

„ამერიკის ელჩი ხელისუფლებას სთავაზობს შერიგებას და თანამშრომლობას ადამიანებთან, რომლებიც სულ რაღაც ორი კვირის წინ ბაკურიანში შეიკრიბნენ და ხელისუფლების გადატრიალების გეგმებს განიხილავდნენ? მინდა ვკითხო კელი დეგნანს, არაფერი იცოდა ბაკურიანის შეხვედრის შესახებ? იქ ხომ მისი ფავორიტი პარტიები, ტელევიზიები და ენჯეოები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც ამერიკელი რევოლუციების ტექნოლოგი, პიტერ აკერმანი მოძღვრავდა? რატომ თხოვს ხელისუფლებას შერიგებასა და მორიგებას ადამიანებთან, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საქართველო რუსეთთან საბედისწერო ომში ჩაითრიონ. ხელისუფლება ვერ დაითანხმეთ ომში ჩართვაზე და მათი გამოყენებით გინდათ ხელისუფლება დაითანხმოთ? – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი.

როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებას არანაირი უფლება არა აქვს “შეურიგდეს“ მკვლელებისა და ფარისევლების, მოღალატეებისა და ომის პარტიის დამნაშავეებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ სიმულიანტი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ თქვენს მიერ აგორებული კამპანია გვაფიქრებინებს, რომ, წესითა და რიგით, საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების უკანაც სწორედ თქვენ და მისი და თქვენი საერთო უკრაინელი მეგობრები უნდა მდგარიყავით. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის არევას, ხელმეორე კოჰაბიტაციას მოღალატეებთან და კრიმინალებთან, არ დავუშვებთ ომში საქართველოს ჩათრევას“ – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ვრცელ ფეისბუქ პოსტში სვიმონ ჯანგულაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს.

„ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება. ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული. და მასზე დარტყმა ქართველი კაცის, ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალებაა! იქირქილონ ამაზე ნაცებმა, რომლებსაც ასფალტისა და შუქნიშნების გამო უყვართ თავიანთი შეშლილი ბელადი (ამასაც ივანიშვილის ფულით რომ აკეთებდა)“ – წერს ჯანგულაშვილი.

„დღეს ჩემი ღვთაებრივი გუსტავ მალერის გარდაცვალების დღეა. და ძალიან არ მინდოდა რომ მისი მუსიკის გარდა სხვა რამეზე მელაპარაკა.

მაგრამ, ჩვენი ძვირფასი, გენიალური და ასევე ღვთაებრივი რობერტ სტურუას სტატუსი ვნახე და მეც ამეშალა საღერღელი პოლიტიკაზე საუბრის. მით უმეტეს რომ, ჩემი დაუძინებელი მეგობრების წყალობით, მალერის მუსიკასთან შეხებას, პრაქტიკულად, ვეღარასდროს შევძლებ და ამდენად, ძალიან დიდი დრო მაქვს თავისუფალი, მათ შორის იმისთვისაც, რომ ისეთ “ღირსეულ” პერსონებს გამოვეხმაურო, როგორებიც საქართველოში „მოღვაწე“ პოლიტიკოსები არიან.

ბატონი რობერტი, მისთვის ჩვეული ენამახვილობით წერს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შესახებ, რომ, თურმე, ხელისუფლება ოპოზიციას უნდა შეურიგდეს და მასთან ერთად გადაწყვიტოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

ჯერ ერთი, იქიდან დავიწყებ, რომ ხელისუფლებას არანაირი უფლება არა აქვს “შეურიგდეს“ მკვლელებისა და ფარისევლების, მოღალატეებისა და ომის პარტიის დამნაშავეებს, რომლებსაც ქართველმა ერმა ამდენჯერ, ამდენ არჩევნებში ვუთხარით უარი ქვეყნის მართვაზე და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე.

რა უფლება აქვს ან მთავრობას და ან ჩვენი მეგობარი ამერიკის ელჩს, რომ მოუწოდოს გირგვლიანის ოჯახს, ან 7 ნოემბერსა და 26 მაისს დაზარალებულების და დაღუპულების ოჯახებს, ან სამაჩაბლოდან და კოდორიდან გამოძევებულ ქართველებს, რომ შეურიგდითო თქვენს დამზარალებელ, თქვენს უბედურებებში დამნაშავე ბოროტმოქმედებსო?

ოპოზიციასთან შერიგების თემაზე კელი დეგნანს, სიამოვნებით დავუსვამდი მარტივ შეკითხვას – ვის უნდა შეურიგდეს ხელისუფლება? ან რას ნიშნავს შერიგება ბოროტმოქმედებთან?

იმაზე აღარ მინდა საუბარი, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აწამებდნენ, კლავდნენ, აყაჩაღებდნენ, ტელევიზიებში იჭრებოდნენ, ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს გადასცემდნენ.

ამერიკის ელჩი ხელისუფლებას სთავაზობს შერიგებას და თანამშრომლობას ადამიანებთან, რომლებიც სულ რაღაც ორი კვირის წინ ბაკურიანში შეიკრიბნენ და ხელისუფლების გადატრიალების გეგმებს განიხილავდნენ? მინდა ვკითხო კელი დეგნანს, არაფერი იცოდა ბაკურიანის შეხვედრის შესახებ? იქ ხომ მისი ფავორიტი პარტიები, ტელევიზიები და ენჯეოები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც ამერიკელი რევოლუციების ტექნოლოგი, პიტერ აკერმანი მოძღვრავდა?
შეიძლება არც გიორგი ვაშაძის ორი კვირის წინანდელი განცხადება მოუსმენია, სადაც ის ვაშინგტონიდან დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ამერიკული ზეწოლით საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება? სუვერენული სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით გამსჭვალული ელჩი ასეთ განცხადებას რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. თუმცა, ვხედავთ, რომ კელი დეგნანს ვაშაძის განცხადებაზე არავითარი რეაქცია არ ქონია. მეტიც, ისიც ხომ ცხადია, რომ ვაშაძე მისი მხარდაჭერის გარეშე აშშ-ში ვერც ვიზიტს დაგეგმავდა და ვერც შეხვედრებს ჩაატარებდა.

გუშინწინ ნინო ლომჯარიამ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის, ზიზღისა და სიძულვილის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, კრიმინალი ნიკა გვარამია შეეწყალებინა. ყველამ ხომ კარგად ვიცით, ვინ არის ნინო ლომჯარია და ისიც, რომ ის აშკარად თავიდან ბოლომდე თქვენგან იმართება.

ვუერთდები გენიალურ ბატონ სტურუას და მასთან ერთად სინანულით დავძენ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ კელი დეგნანი ხან პირდაპირი და ხანაც ირიბი ფორმით, არ ეშვება კრიმინალების განთავისუფლებაზე ზრუნვას, და ამაზე, გაუგებრად და განსაკუთრებულად დიდ ძალისხმევას ხარჯავს.

საინტერესოა, რატომ არ ითხოვდა კელი დეგნანი შერიგებას და თანამშრომლობას მაშინ, როდესაც ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმურად ცნობილ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებდა და პარლამენტში არ შედიოდა? და როდესაც პირადად მას ნიკა გვარამია ყველაზე მწარე სიტყვებით ლანძღავდა, რადგანაც იძულებული იყო, არჩევნების კანონიერება და ლეგიტიმურობა ეცნო.

ყველამ ხომ კარგად ვიცით, საკმარისი იყო, ამერიკის ელჩს ეთქვა, რომ ოპოზიციის პარლამენტში არ-შესვლა პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავდა და ისინი პარლამენტში მყისიერად შევიდოდნენ.

თუმცა, მაშინ თქვენ, ქალბატონო კელი, მთელი ერთი წელი, არა თანამშრომლობას, არამედ ქუჩას და ხელოვნურად შექმნილ კრიზისს უჭერდით მხარს. მაშინ არ გვახსოვს თქვენი მოწოდებები პარლამენტში შესვლის, ერთად დაჯდომისა და თანამშრომლობის შესახებ. სამაგიეროდ, ყველას გვახსოვს 19 აპრილის გაუგებარი შეთანხმება, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციას გადაუსვა ხაზი. კიდევ ერთი ასეთი მორიგება გინდათ? მორიგება კრიმინალების განთავისუფლების, მათი მოძლიერებისა და სიტუაციის არევის შესახებ? გამოდის, რომ ქუჩიდან გინდათ ქვეყნის მართვა?

რაც მთავარია, კელი დეგნანს მინდა ვკითხო, რატომ თხოვს ხელისუფლებას შერიგებასა და მორიგებას ადამიანებთან, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საქართველო რუსეთთან საბედისწერო ომში ჩაითრიონ. ხელისუფლება ვერ დაითანხმეთ ომში ჩართვაზე და მათი გამოყენებით გინდათ ხელისუფლება დაითანხმოთ?

სწორედ იმიტომ ხომ არ ნერვიულობთ, როდესაც ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას „ომის პარტიას“ უწოდებს, რომ „ომის პარტია“ სინამდვილეში სწორედ თქვენ ხართ? თქვენი ქმედებებიდან და განცხადებებიდან სხვა დასკვნის გამოტანა უბრალოდ შეუძლებელია! გაუგებარი და ორაზროვანი პოზიცია ამ საკითხზე საქართველოსთვის დამღუპველია! ან, თუ მაინცადამაინც გსურთ, რომ აქ ომი იყოს და ამით უშველოთ უკრაინას და დაასუსტოთ ჩრდილოელი ურჩხული, მაშინ, მოგვეცით ჩვენც ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორიც აქვს ისრაელს, როგორიც აქვთ ნატოს ქვეყნებს. საქართველომ თავისი საბრძოლი იბრძოლა და მუდამ იბრძოლებს, თუ ეს საჭირო გახდა, მაგრამ, რუსული რაკეტებისა და ბომბების წინაშე ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, დაუცველია. და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ბავშვები და მოხუცები, ქალები და ახალგაზრდები იხოცებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაცას აქ ომის გაჩაღება მიაჩნია მიზანშეწონილად.

ჩვენ საზოგადოება ვართ და ამ ყველაფერს არ დავუშვებთ!

ჩვენ არ დავუშვებთ სიმულიანტი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ თქვენს მიერ აგორებული კამპანია გვაფიქრებინებს, რომ, წესითა და რიგით, საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების უკანაც სწორედ თქვენ და მისი და თქვენი საერთო უკრაინელი მეგობრები უნდა მდგარიყავით.

ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის არევას, ხელმეორე კოჰაბიტაციას მოღალატეებთან და კრიმინალებთან, არ დავუშვებთ ომში საქართველოს ჩათრევას.
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამერიკის ელჩისგან მუდმივ რეჟიმში მოვითხოვთ პასუხებს ყველა ზემოხსენებულ კითხვაზე.

აქვე, რახან პოლიტიკაზე ვსაუბრობ, მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების შესახებაც! ნაცები ბევრს ქირქილებენ, როგორც მათ სჩვევიათ, უნიჭოდ და ბოროტად, და ძალიან უნდათ, რომ ამ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით. რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას. მაგრამ ამ შეკითხვაში პასუხიც თავისთავად ყველამ ვიცით და ამაზე ჩემი მკაფიო აზრი მაქვს ჩამოყალიბებული. სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება. ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული. და მასზე დარტყმა ქართველი კაცის, ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალებაა! იქირქილონ ამაზე ნაცებმა, რომლებსაც ასფალტისა და შუქნიშნების გამო უყვართ თავიანთი შეშლილი ბელადი (ამასაც ივანიშვილის ფულით რომ აკეთებდა).

ქალბატონო კელი. მეგობრობა თანასწორობის გარეშე მეგობრობა აღარაა. ბატონი რობერტის თქმის არ იყოს, სჯობს თქვენი ინფორმატორები შეცვალოთ და ინფორმაცია უფრო ფართო და მრავალფეროვანი წყაროებიდან აიღოთ და არა ერთი მუჭა სექტანტების მედია-ფიგურებისგან, რომელთა ერთადერთი მიზანიც არის ხელისუფლებაში მობრუნება და შეშლილი სიმულიანტის კვლავ გამეფება. არ იმუშავებს ამერიკული გამოთქმა, რომელიც 2003-2012 წლებში მუშაობდა – He may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch. ლათინო-ამერიკელებისგან განსხვავებით, ჩვენ აღარ მივიღებთ ფსიქოპატს მმართველად და ნუ სცდილობთ, მისი უნიჭო და ხელმოცარული თანამებრძოლები დემოკრატებად და პროგრესულ ჰუმანისტებად მოგვაჩვენოთ!

დაბოლოს, ქალბატონო კელი, სჯობს ქართველ ხელოვანებთან იმეგობრობთ და იახლობლოთ. ქართული ხელოვნება უფრო მეტს გეტყვით ქართველების შესახებ, ვიდრე ნინო ლომჯარია, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და თაკო ჩარკვიანი. ქართულ ხელოვნებას სჭირდება თანადგომა და დასავლეთში პოპულარიზება და არა ნინო ბურჯანაძისა და შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძისა და მსგავსი ოდიოზური მტაცებლების ბოსებსა და პარტიებს“ – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი Facebook-ზე.

Back to top button