ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

 

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები და რეფორმები. საუბარი შეეხო ქვეყანაში ამჟამად არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივას რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.

 

შეხვედრაზე, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა იმ პროგრამებზე, რომლებსაც მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორში აფინანსებს, მათ შორისაა: ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი.

 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

Back to top button