ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა

2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 10.6%-ით გაიზარდა და 17.8 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 16.3 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.3%-თაა გაზრდილი. ტელემაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლების 75.6% რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 14.3%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ითაა გაზრდილი.

 

2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე 0.6 მილიონი ლარით გაიზარდა „მთავარი არხის” სარეკლამო შემოსავალი და პირველ კვარტალში 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. „მედია ჰოლდინგის” (ყოფილი რუსთავი 2) სარეკლამო შემოსავალი 0.1 მილიონი ლარით შემცირდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის” მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც პირველი კვარტლის ბოლოს 1.6 მილიონი ლარი იყო. რეკლამისა და სპონსორობის ხარჯზე წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავლების ოდენობა და 1.4 მილიონ ლარს შეადგენს. 0.1-0.1 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს „სილქნეტმა” და „პოსტვ”-მ, „სილქნეტის” სარეკლამო შემოსავალი 0.9 მილიონ ლარს, ხოლო „პოსტვ”-ს – 0.8 მილიონ ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის პირველი კვარტლის მსგავსად 0.2 მილიონი ლარია. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 0.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

 

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 2.8%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 89.2% რეკლამას, ხოლო 10.8% სპონსორობას უკავია. რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 810.2 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” ჰქონდა. „რადიო იმედმა” 130.8 ათასი ლარი მიიღო. „ქართულმა რადიომ” – 80.2 ათასი ლარის, „რადიო პალიტრამ” – 73.9 ათასი ლარის, „მდ ჯგუფმა” – 65.2 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმამ” 54.3 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. „ჩვენ რადიოს” სარეკლამო შემოსავალმა 44.2 ათასი ლარი, „რადიო ჯორჯიან თაიმსის” – 39.4 ათასი ლარი, კომპანია „მედიასტრიმის” – 32.0 ათასი ლარი, ხოლო სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის” – 28.1 ათასი ლარი შეადგინა. სხვა რადიომაუწყებლებმა ჯამში 142.8 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღეს.

 

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

 

Back to top button