New York Times-ის სარედაქციო საბჭო: უკრაინის ტანჯვამ ამერიკელები შეძრა, მაგრამ შორს მიმდინარე ომისადმი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა უსასრულო არ იქნება – ინფლაცია ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის, ვიდრე უკრაინა

აშშ-ის სენატმა უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა მაშინ, როდესაც ომი ახალ და რთულ ფაზაში შედის, შემდგომი ორპარტიული მხარდაჭერა გარანტირებული არ არის, – ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს სტატიაში.

 

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა ცოტა ხნის წინ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე შეიძლება არასტაბილური იყოს. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტმა „უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორია“ შეიძლება მიიღოს, იმის გაზრდილი ალბათობით, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებით შეიძლება დაიმუქროს.

 

გაზეთის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართულობასთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა, რომელზეც პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკელი საზოგადოებისთვის პასუხი არ გაუცია.

 

„მარტში, გაზეთის სარედაქციო საბჭო ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გზავნილი უკრაინელებისა და რუსებისთვის შემდეგი უნდა იყოს: რა დროც არ უნდა დასჭირდეს, უკრაინა თავისუფალი იქნება. უკრაინა იმსახურებს მხარდაჭერას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ და აშშ-მა ნატოს მოკავშირეებთან ერთად უნდა აჩვენოს ვლადიმირ პუტინს, რომ ატლანტიკური ალიანსი მზად არის და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მის რევანშისტურ ამბიციებს. ეს მიზანი ვერ შეიცვლება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც არ არის ამერიკის საუკეთესო ინტერესებში რუსეთთან ტოტალურ ომში ჩაბმა, მაშინაც კი, თუ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულმა მშვიდობამ უკრაინისგან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება მოითხოვოს. ამ ომში აშშ-ის მიზნები და სტრატეგია უფრო რთული გასარჩევი გახდა, რადგან მისიის პარამეტრები, როგორც ჩანს, შეიცვალა. მაგალითად, ცდილობს თუ არა აშშ დახმარების გაწევას ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისეთი გზით, რომელიც სუვერენული უკრაინის შექმნასა და აშშ-სა და რუსეთს შორის რაიმე სახის ურთიერთობას შესაძლებელს გახდის? ცდილობს თუ არა ახლა აშშ რუსეთის სამუდამოდ დასუსტებას? შეიცვალა თუ არა ადმინისტრაციის მიზანი ვლადიმერ პუტინის დესტაბილიზაციაზე ან მის გადაყენებაზე? აპირებს თუ არა აშშ პუტინის პასუხისგებაში მიცემას? არის თუ არა მიზანი უფრო ფართო ომის თავიდან აცილების მცდელობა?”, – ნათქვამია სტატიაში.

 

ამ კითხვებთან დაკავშირებით სიცხადის გარეშე, თეთრი სახლი არა მხოლოდ რისკავს დაკარგოს ამერიკელების ინტერესი უკრაინელების მხარდაჭერის მიმართ, არამედ საფრთხესაც უქმნის გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტზე.

 

უკრაინის ტანჯვამ ამერიკელები შეძრა, მაგრამ შორს მიმდინარე ომისადმი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება. ინფლაცია ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის, ვიდრე უკრაინა და სურსათისა და ენერგეტიკის გლობალური ბაზრების შეფერხება, სავარაუდოდ, გაძლიერდება.

 

„მაცდურია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის განსაცვიფრებელი წარმატებების დანახვა, როგორც ნიშანი იმისა, რომ საკმარისი ამერიკული და ევროპული დახმარებით, უკრაინა ახლოსაა რუსეთი თავდასხმამდე პოზიციებზე განდევნოს, თუმცა ეს საშიში ვარაუდია. უკრაინის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვება რუსეთზე, რომლის დროსაც უკრაინა დაიბრუნებს მთელ ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა 2014 წლიდან დაიპყრო, არ არის რეალისტური მიზანი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო დაგეგმარება და ბრძოლები საოცრად დაუდევარი იყო, რუსეთი ძალიან ძლიერად რჩება და პუტინმა საკუთარი პრესტიჟი ჩადო ამ შეჭრაში, რათა ახლა უკან დაიხიოს. აშშ და ნატო უკვე ღრმად არიან ჩართულნი სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. არარეალურმა მოლოდინებმა ისინი უფრო ღრმად შეიძლება ჩართოს ძვირადღირებულ და გაჭიანურებულ ომში. რუსეთს, რაც არ უნდა გატეხილი და უუნარო იყოს, მაინც შეუძლია უკრაინას უპრეცედენტო ნგრევა მიაყენოს და ის კვლავ არის ბირთვული ზესახელმწიფო, შეურაცხყოფილი და არასტაბილური დესპოტით, რომელიც ნაკლებად ავლენს მიდრეკილებას მოლაპარაკების გზით კონფლიქტის მოგვარებისკენ“, – წერენ სტატიის ავტორები.

 

საბოლოო ჯამში, უკრაინელებმა უნდა მიიღონ მძიმე გადაწყვეტილებები: ისინი იბრძვიან, იღუპებიან და კარგავენ სახლებს რუსული აგრესიის გამო, და სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი შეიძლება იყოს ომის დასრულება. თუ კონფლიქტს რეალური მოლაპარაკებები მოჰყვება, უკრაინის ლიდერებს მოუწევთ მტკივნეული ტერიტორიული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ნებისმიერი კომპრომისი მოითხოვს.

 

„მაშინ, როდესაც ომი გრძელდება, ბაიდენმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის ხალხს მკაფიოდ უნდა განუცხადოს, რომ არსებობს შეზღუდვები, თუ რამდენად შორს შეუძლიათ აშშ-სა და ნატოს რუსეთთან დაპირისპირებაში წასვლა და ასევე იარაღის, ფულისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების შეზღუდვები. აუცილებელია, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს მისი საშუალებების რეალისტურ შეფასებაზე და იმაზე, თუ კიდევ რამდენ ნგრევას გაუძლებს უკრაინა”, – ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ რეალობასთან დაპირისპირება შეიძლება მტკივნეული იყოს.

 

„ეს არის ის, რისი გაკეთებაც მთავრობებს ევალებათ და არა ილუზორულ „გამარჯვებაზე“ ნადირობა. რუსეთი წლების განმავლობაში იგრძნობს იზოლაციისა და დამანგრეველი ეკონომიკური სანქციების ტკივილს და პუტინი ისტორიაში დარჩება, როგორც ჯალათი. ახლა გამოწვევა ეიფორიის მოშორება, დაცინვის შეწყვეტა და მისიის განსაზღვრასა და დასრულებაზე ფოკუსირებაა. უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა 21-ე საუკუნეში ამერიკის ადგილის გამოცდაა და ბაიდენს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულება განსაზღვროს, როგორი იქნება ის“, – დასძინეს სტატიის ავტორებმა.

Back to top button