ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში

ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში, შს მინისტრი ვიყავი, როცა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა 2013 წელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული აბსტრაქტული, ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები დამაბნეველია, თუმცა მას სჯერა, რომ ქართველ ხალხს და ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი არ ექნებათ.

 

„მე მინდა გითხრათ შემდეგი, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილის დაწყებულია აი ეს ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას. ივანიშვილის მთავრობამ, პარტიამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ივანიშვილის გუნდმა, მთავრობამ მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში. ჩვენ, მეგობრებო, შედეგებით უნდა ვილაპარაკოთ, ეს ზოგადი, აბსტრაქტული, ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები არის დამაბნეველი. თუმცა, მე მჯერა ჩვენი ბრძენი ხალხის და რა თქმა უნდა, ასევე არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი ექნებათ. ჩვენ შედეგებით ვიმსჯელებთ. რაც მე ჩამოგითვალეთ, ვის დროს მოხდა?! მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა 2013 წელს. რაზე მელაპარაკებით, ვისი დაწყებულია?! ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის დაწყებული და მიღწეულია”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მისი განცხადების მორიგი დადასტურებაა იმის შესახებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არ იყოს ასახული.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ სტატიაზე თანახელმომწერი ელენე ხოშტარიაა.

 

„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა, ის არის მორიგი დადასტურება იმ ინფორმაციის, რაც მე ახლა გითხარით. აი, მორიგი დასტური, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რაიმენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button