იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან, ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს იმის გამო, რომ თავის ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან იცავს, ამის იმედი უნდა ვიქონიოთ – ამის შესახემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყოველთვის, როდესაც საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს ამ წარმატებაში ხელი შეუშალოს. მისივე თქმით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც არსებობენ ისეთი ძალები, რომლებსაც არ უნდათ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„სამწუხაროდ ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ყოველთვის როდესაც საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას ხოლმე, ომისა და ღალატის პარტია და ეს სახელი აბსოლუტურად სამართლიანად დაერქვა მას, ნაცმოძრაობა და მისი განშტოება, ყველა ცდილობს, ამ წარმატებაში ხელი შეუშალოს. გაგახსენებთ გავრცელებულ ინფორმაციას ლობისტებისთვის მილიონ ნახევრის გამოყოფის შესახებ, იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეწეროს წარმატება თუკი ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და არ მოხდეს ეს ჩვენი მმართველობის პირობებში. მეტი ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ არ შეიძლება. სამწუხაროა ის, რომ ეს არ არიან მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალები. როგორც ჩანს, არსებობენ ქვეყნის გარეთაც ძალები.
ჩვენ ვისმენთ ხოლმე განცხადებებს, მის ავტორებზე მაქვს საუბარი მათ შორის, რომელიც რბილად რომ ვთქვათ ეჭვს წარმოშობს, რომ ქვეყნის გარეთაც არსებობენ ისეთი ძალები, რომლებსაც არ უნდათ საქართველომ მიიღოს დღეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს, უპირატესად და უფრო ადრე ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები და ამას თავადვე აღიარებდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია.
ბოლო სტატია რომ გამოქვეყნდა იმ ორგანიზაციის კვლევითაც კი ჩვენ ყველა პარამეტრით პრაქტიკულად წინ ვიყავით ჩვენ მეგობარ უკრაინაზეც, ჩვენ მეგობარ მოლდოვაზეც გაცილებით წინ ვიყავით და იმათი დასკვნები რომ ნახოთ, წლევანდელი, შარშანდელი, შარშანწინდელი, თქვენ ნახავთ, რომ შედარება არ არის. იმდენად ინტეგრირებულია საქართველო დღეს თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით.
შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს რამდენიმე ასეული ადამიანი ევროკავშირის შესაბამის ერთადერთ სამხედრო სტრუქტურასთან ერთად მხარდამხარ მშვიდობისთვის ბრძოლაში ჩართული. საბედნიეროდ არ არის მარტივი ამბავი, საქართველო დარჩეს ამ სტატუსის მიღმა, რაც სამწუხაროდ მიზნად აქვთ დასახული, მაგრამ ამას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისათვის რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ის უფრთხილდება თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან, თავის ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.