ზაზა შათირიშვილი: ივანიშვილის ადგილზე პრაგმატულად მოვიქცეოდი და შვეიცარიულ საბანკო სისტემას გავუფრთხილდებოდი, რამდენად სამართლიანიც არ უნდა იყოს მისგან შვეიცარიული ბანკისა და საბანკო სისტემის კრიტიკა

ივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, შეაჩეროს შვეიცარიულ ბანკზე შეტევა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებაში.

 

„ყურადღებით ვადევნებ თვალყურს „კრედიტ სუისისა“ და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას, რომლის დარეგულირებასაც კარგი პირი ჯერაც არ უჩანს.

 

საზოგადოებას ზუსტად 10 დღის წინ, 17 მაისს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფრით ამერიკელებს ორი კურდღლის მოკვლა უნდათ – ერთი მხრივ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება და მეორე მხრივ, შვეიცარიული საბანკო სისტემის დანგრევა. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამერიკელებისთვის მეორე მიზანი პირველზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა სერიოზული კონკურენტია ამერიკული თუ ნებისმიერი სხვა საბანკო სისტემისთვის. შესაბამისად, რა ინტერესი დგას ამ სისტემის დანგრევის უკან, რთული გამოსაცნობი არაა.

 

ჩემი აზრით, ამერიკელებმა უკვე ნათლად გააცნობიერეს, რომ ივანიშვილის შანტაჟით შედეგს ვერ მიაღწევენ. ივანიშვილი შანტაჟით იმაზე წამსვლელი რომ ყოფილიყო, რასაც მისგან ითხოვდნენ, ომისკენ ნაბიჯებს აქამდე უკვე გადადგამდა. ფაქტია, რომ შანტაჟით ივანიშვილი ვერ შეაშინეს და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე თვითონაც უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული.

 

ახლა კი, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელით მეორე მიზნის მიღწევას და შვეიცარიული საბანკო სისტემის დანგრევას ცდილობენ.

 

17 მაისს ისიც დავწერე, რომ 2008 წლიდან შვეიცარიული საბანკო სისტემა, ფაქტობრივად, არა შვეიცარიის მიერ, არამედ ამერიკული სპეცსამსახურებიდან იმართება. სწორედ ეს არის მთავარი ახსნა იმისა, თუ რატომ იქცევა ასე უცნაურად შვეიცარიული ბანკი.

 

ივანიშვილმა უკვე რამდენიმე ათეული სტატია გამოაქვეყნა საერთაშორისო პრესაში ბანკის მიერ კლიენტის უფლებების უხეში ხელყოფის შესახებ, რაც არა მხოლოდ „კრედიტ სუისის“, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს. თუმცა, სპეციალურად ვაკვირდებოდი საერთაშორისო მედიას და ამ ყველაფერზე შვეიცარიული ბანკის ერთი პასუხიც კი ვერ მოვიძიე. ის, რომ ბანკმა საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ კრიტიკას არ უპასუხა და თავი ერთხელაც კი არ დაიცვა, დღეს ივანიშვილის ადვოკატმაც დაადასტურა.

 

ივანიშვილის არგუმენტები ბანკის წინააღმდეგ ძალიან მყარია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ პასუხით ნებისმიერი არგუმენტი გარკვეულწილად მაინც შეგიძლია გაანეიტრალო. შესაბამისად, პასუხით ბანკისთვის მიყენებულ რეპუტაციულ ზიანს ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებდნენ. თუმცა, „კრედიტ სუისი“ ძალიან უცნაურად იქცევა და ივანიშვილის ყველა სტატიას უპასუხოდ ტოვებს.

 

ბანკის ასეთი უცნაური ქცევა ერთადერთი რამით აიხსნება – სისტემა არა შვეიცარიის, არამედ ამერიკის მიერ იმართება და ამერიკელებს საბანკო სისტემაზე შეტევის უპასუხოდ დატოვება სწორედ რომ ხელს აძლევს. ანალოგიურად, აშკარაა, რომ „კრედიტ სუისის“ პრეზიდენტი და მთელი ხელმძღვანელობაც არა შვეიცარიის, არამედ ამერიკის ინტერესებზე მუშაობს.

 

გარდა ამისა, ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა დღეს თქვა, რომ, თურმე, ივანიშვილს ფული „კრედიტ სუისშიც“ კი არ უდევს. თანხა სხვა, შედარებით მცირე შვეიცარიულ ბანკში დევს და მას „კრედიტ სუისი“ მხოლოდ ტრასტის ფუნქციით მართავს. შესაბამისად, გამოდის, რომ თანხების შეჩერების მიმართ „კრედიტ სუისს“ არავითარი ფინანსური ინტერესი არა აქვს.

 

რომ შევაჯამო, არის სამი ფაქტორი, რომელიც ჩემს მიერ 17 მაისს გამოთქმულ ვერსიას უტყუარად ადასტურებს: 1) ივანიშვილს თანხა „კრედიტ სუისში“ საერთოდ არ უდევს და შესაბამისად, ბანკი ამ თანხიდან ვერავითარ ხეირს ვერ იღებს; 2) ამის მიუხედავად, ბანკი უცნაურად იქცევა და თავს არ იცავს; 3) ბანკის კრიტიკა საერთაშორისო მედიაში უპრობლემოდ იბეჭდება, რაც ბავშვმაც კი იცის, რომ ამერიკელების წინააღმდეგობის პირობებში, ვერ მოხდებოდა – საქმეში ჩახედულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკელებს საერთაშორისო მედიაში ნებისმიერი კამპანიის თუ სტატიის დაბლოკვა შეუძლიათ. ეს სამი გარემოება ბოლომდე ამყარებს ჩემს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელობა არა შვეიცარიის ინტერესების სასარგებლოდ, არამედ ამერიკელებზე მუშაობს.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავს უფლებას მივცემ, ღრმად დარწმუნებულმა განვაცხადო, რომ ივანიშვილი ბანკზე შეტევით იმ ტოტს არყევს, რომელზეც ზის. ივანიშვილს სანქციებს ვერ დაუწესებენ და დარწმუნებული ვარ, ეს ივანიშვილმაც ზუსტად იცის. ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების ახსნა ამერიკელებს საქართველოს გარეთაც გაუჭირდებათ და მით უმეტეს, ამის ახსნას საქართველოს შიგნით ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ივანიშვილის შანტაჟმა უკვე სრულად დაკარგა აზრი.

 

აქედან გამომდინარე, ივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, შეაჩეროს შვეიცარიულ ბანკზე შეტევა. როგორც უკვე ვთქვი, ივანიშვილს სანქციებს ვერ დაუწესებენ და მგონია, რომ ამ შეტევებით ის თვითონ მოუმზადებს თავის თავს ერთგვარ სანქციას. რაც უფრო მეტად დაინგრევა შვეიცარიული საბანკო სისტემა, მით უფრო გაუჭირდება მას იმ თანხების მიღება, რომლებიც შვეიცარიაში აქვს ჩადებული. ამიტომ, მე მის ადგილზე პრაგმატულად მოვიქცეოდი და შვეიცარიულ საბანკო სისტემას გავუფრთხილდებოდი, რამდენად სამართლიანიც არ უნდა იყოს მისგან შვეიცარიული ბანკისა და საბანკო სისტემის კრიტიკა“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

Back to top button