პარტია “პროგრესი და თავისუფლებას” ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს: პარტია “პროგრესი და თავისუფლებას” ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს:
ირაკლი კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო: „ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა. ამ მოცემულობას წინასწარ აჩვევენ საზოგადოებას და ცდილობენ, გადააბრალონ ოპოზიციას, რომელიც კობახიძის თქმით, ისეთი სუსტია, რომ თითქმის არ არსებობს.
საქართველოს მოსახლეობის 92 %-ს სურს, ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში და მხოლოდ 2 %-ს არ სურს. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რატომ?! პასუხი ერთადერთია: „ოცნების“ დამფუძნებელი არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირე და ამაშია პარადოქსი – ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას გეზი აქვს ევროკავშირისკენ, ხელისუფალს – რუსეთისკენ.
რას ითხოვს ევროკავშირი „ქართული ოცნებისგან“, როგორც ხელისუფლებისგან:
• სასამართლო რეფორმა
• საარჩევნო რეფორმა
• მედიის თავისუფლება
• პოლიტპატიმრების გათავისუფლება
• დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
• ოპოზიციური პარტიებისთვის განვითარების საშუალება
• ენჯეო სექტორის ხელშეუხებლობა
• პოლიტიკური კონკურენციის გახსნა
• კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება
• კრიმინალთან, მათ შორის, საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლა
• კრიმინალის გამორიცხვა საარჩევნო პროცესებიდან
• მიტაცებული სახელმწიფო სტრუქტურების დიქტატისგან გათავისუფლება
ეს ჩამონათვალი გრძელია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენგან ითხოვენ ქვეყნის დემოკრატიზაციას ყველა მიმართულებით.
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ დემოკრატიის პირობებში, მყისიერად დაკარგავს ხელისუფლებას და მას მოუწევს პასუხისგება ახალი დემოკრატიული სასამართლოს წინაშე, რისიც ეშინია. ამ შიშის გამოვლინებაა პანიკით აღსავსე კობახიძის ბრიფინგები.
მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – „ოცნება“ არ არის ქართველი ხალხი და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. გთხოვთ, მოგვანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც ქვეყანას, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, უკვე ათწლეულია, სურს გახდეს ევროპის ნაწილი.
ჩვენი მხრიდან, ვდებთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რათა შევასრულოთ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა!” -აცხადებს ოქრიაშვილი.