ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 107-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა.

 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით გაჟღერდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი.

 

შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები. მათ შორის აღინიშნა ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მუშაობის ეფექტური ფუნქციონირების საკითხს.

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 23 სექტემბერს ჩაინიშნა.

Back to top button