მამუკა მდინარაძე: შეგაგინებენ, გაგლანძღავენ, უკადრებელს გაკადრებენ და ეს არის მიღებული – როგორც კი პასუხს გასცემ, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება

„შეუძლიათ დაგაბრალონ ათასი სიბინძურე წარსულიდან, აწმყოში, მომავალში, მოიგონოს და გითხრას. პასუხს გასცემ თუ არა, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება. დიახ, მე პირადად, ჩემი და ჩემი გუნდის თითოეული წევრის სახელით, ნამდვილად ვემიჯნები ძალადობას და დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ ყოველგვარი ძალადობა რის გამოძახილიც არ უნდა იყოს, მიუღებელი, დასაგმობი და წარმოუდგენელი”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

„ხათუნა სამნიძის და ვინმე ბერძენიშვილის კი არა, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს. თავისი ძალიან ცუდი აზრი გამოთქვეს, მეც ამ აზრს არ ვეთანხმები კი არა, მგონია, რომ საშინელება თქვეს, მაგრამ ნებისმიერი საშინელების მთქმელზე ძალადობა არის ცალკე დასაგმობი. ამას ახლა შევეგუოთ, მივხვდეთ. არ შეიძლება, ნათქვამის გამო ადამიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოინდომო ან შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება, წარმოუდგენელია. ამასობაში, იმის შიშით, რომ ასე არ გადათარგმნოს ვიღაცამ, არ ვუთხრათ, რომ შენ ისტორიაზე და გუშინდელ დღეზე პირდაპირი თავდასხმა არის მავნებლობა და ამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ?”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

Back to top button