აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველომ გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ნატოსთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ ნატოს მადრიდის სამიტზე   გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.

 

მინისტრის განცხადებით, ნატოსთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები. „ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით,  ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე,  შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა ნატო-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ნატო-ში გაწევრიანებისა და ნატო-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი. მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად,  უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას –  არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა. „თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული ევროკავშირში ინტეგრაციის  მიზნის განხორციელების პროცესში სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების გზით.  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას,“ – განაცხადა მინისტრმა. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 13 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების პაკეტზე, რომელიც სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის საშუალებების განვითარებას მოხმარდება. მინისტრის განცხადებით, წარმატებით გრძელდება საქართველოს მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში.

Back to top button