ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატოს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გასულ ორ წელიწადში 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის სრული რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა.

 

მინისტრის თქმით, დღეს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატოს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 

„გარემონტებულია ყველა მოქმედი ყაზარმა, სასადილო, მოეწყო ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა შიდა სივრცე. ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

მისი თქმით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა აღნიშნა. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროს მსოფლიო და ევროპულ ლიდერ მწარმოებლებთან ნატოს სტანდარტების ლოჯისტიკური საშუალებების შეძენის კუთხით თანამშრომლობაზე. მისი თქმით, მიმდინარეობს ლოჯისტიკური და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზებაც.

Back to top button