საქართველოში სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ნატოს სამხედრო კომიტეტი, რაც არცერთ ოპოზიციურ არხს არ გაუშუქებია – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შეხვედრისას პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებს ეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსგან მეტ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება.

 

„უკვე აღვნიშნე, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, რომ ჩვენი ურთიერთობა არის დაბალ ნიშნულზე, მე ოთხჯერ ვიყავი მიწვეული ნატოს მინისტერიალზე, სამჯერ პირადად შევხვდი გენერალურ მდივანს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი თავმჯდომარის ჩათვლით, სრული შემადგენლობით და სხვათა შორის, ეს არცერთ ოპოზიციურ არხს არ გაუშუქებია, რაც ნორმალური არ არის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა.

 

„ჩვენი წინადადებები ევროკავშირთან არის გამოხატული კონკრეტული შედეგით. კიდევ გავიმეორებ, რომ 2021 წელი იყო პირველი პრეცედენტული წელიწადი, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. ეს გახდება შეუქცევადი პროცესი. დღესაც, ჩვენი წარმომადგენლები არიან იქ, ვმუშაობთ 2022 წლის შედეგებზე, რაც სავარაუდოდ ციფრებში გამოიხატება 20 მილიონი ევროს დახმარებით და ეს იქნება მზარდი ტენდენციის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მადრიდის სამიტიდან საქართველო პარტნიორებისგან კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება.

Back to top button