კახა კალაძე: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, მეცენატი – ბიძინა ივანიშვილი, ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია

„ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, მეცენატი – მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია – ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები,“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

კახა კალაძემ ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა რეზოლუციას და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

 

„თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია; არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Back to top button