„დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში – ნულის ტოლია. რა თქმა უნდა ამ მძევლობაში თავის შეყოფა, არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს და რა თქმა უნდა უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
„მსოფლიო მართლწესრიგის მოძველებული, მახინჯი და თვითლიკვიდაციისაკენ მიმართული კონტურები უკვე მკაფიოდ გამოაშკარავდა, ხოლო ახალი არქიტექტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რომლის თვითმხილველი და მონაწილე – საქართველოც არის. დავოსში ჩატარებულმა ფორუმმა ამ მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო პოლუსებზე მყოფი ორი ლამის ასწლოვანი “მასტოდონტი” – ჯორჯ სოროსი და ჰენრი კისინჯერი კიდევ ერთხელ დაუპირისპირა ერთმანეთს. აქედან ეს პირველი – დამანგრეველი, მცირევადიანი ეფექტის მქონე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალი დამარცხებისკენ განწირული იდეოლოგიის პოლიტიკურ იარაღად გადაქცევის ავტორია, რომლის პროექტები: სერბიაში, ბოლივიაში, საქართველოში, ბელარუსსა და უკრაინაში, მართალია, გარდამავალი შუალედური “წარმატებით” და ამ ქვეყნებში ამა თუ იმ მასშტაბის ტრაგედიების გამოწვევით, მაგრამ მაინც კრახით დაგვამახსოვრეს თავი.
ერთ-ერთი უკანასკნელი – ამჟამად უკრაინაში ვითარდება. დღეს ამ იარაღის მძევლობის ქვეშ იმყოფება აშშ-ს მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარ ქვეყანაში ამ ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციას. დღეს ამ ძალების მძევლობის ქვეშ არის აყვანილი ევროკავშირის დიდი ნაწილი, რისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოხატულება იყო საქართველოსთან მიმართებაში მიღებული რეზოლუცია, როდესაც პოლიტიკური გათვლა, პრაგმატიზმი და მიზანშეწონილობა ზვარაკად იქნა შეწირული ამ მახინჯი, რეალ-პოლიტიკისაგან დაშორებული, იდეოლოგიური “გველეშაპის” სასარგებლოდ. დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში – ნულის ტოლია.
ამ მძევლობიდან გათავისუფლებას დღეს მოულოდნელად ელის ამერიკის საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ამ მძევლობიდან გამოსვლა – ევროპის სასიცოცხლო ინტერესებში შედის და ამისკენ მოუწოდებს ფაქტობრივად EU-ს რომის პაპი ფრანცისკი. და რა თქმა უნდა – ამ მძევლობაში თავის შეყოფა, არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს და რა თქმა უნდა – უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ამისთვის ეს საერთაშორისო “მეტასტაზა” – ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით – ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული! მაგრამ, მინდა ამერიკელი და ევროპელი “მძევლები” და ჩვენი სიტუაციური ძმებიც ვანუგეშო – მსოფლიო ახალი მართლწესრიგი სულ მალე ჩაანაცვლებს ამ სიმახინჯეს, სწორედ ამაზე საუბრობდა დავოსში 100 წლის ბრძენი კისინჯერი, ხოლო ჩვენ აქ, საქართველოში ამის შესახებ სულ სხვა, გაცილებით უფრო სანდო, ზეციური წყაროებიდან ვიცით“- წერს ქართველიშვილი.