ორი სიტყვა, „სახელმწიფო ინტერესი“, უმთავრესია, როცა ვსაუბრობთ პატრიოტიზმზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე. როცა სახელმწიფოს ინტერესი შენი ოჯახის ინტერესზე წინ დგას, მაშინ ხარ პატრიოტი. როცა სახელმწიფო ინტერესს პარტიის ინტერესზე წინ აყენებ, მაშინ შენი პარტია ემსახურება სახელმწიფოს აღმშენებლობას, ხოლო როცა პარტიის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესზე წინ დგას, შენ ხარ ქვეყნის და ხალხის მტერი, მუხრუჭი და სახელმწიფოს მოღალატე – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლებას” ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასე ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“ ღალატის პარტიად და ნებისმიერი სხვა ძალა, წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც, არის ღალატის პარტია, რომელიც საკუთარი პარტიის ინტერესს სახელმწიფოს ინტერესზე წინ დააყენებს.
“ჩვენს შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, რადგან „ოცნებაში“ პარტიული ინტერესიც არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ბატონი ივანიშვილის ინტერესი, რომელზეც დიდი გავლენა აქვს რუსეთს, რადგან მთელი მისი სიმდიდრე რუსეთშია მოხვეჭილი და დღესაც დაკავშირებულია რუსეთთან.
ბატონი ივანიშვილის სპიკერები – კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე და სხვა უფრო წვრილი სახეები, ბოლო დღეებში ერთხმად გაიძახიან: ევროკავშირის რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო და სამარცხვინოა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებენ სანქციებით, რომ ბატონი ივანიშვილის დასანქცირება იგივეა, რაც სამების და ქართველი ხალხის დასანქცირება,რომ ევროკავშირი სავსეა „ნაცებით“, რომ თურმე, ევროკავშირი ეუბნება საქართველოს, ომის მეორე ფრონტი გახსენითო.მალე, ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენსაც„ნაცების“ რიგებში ჩაწერენ და არ გამიკვირდება,ბოლოს პუტინიც ამ სიაში მოახვედრონ. ერთი სიტყვით, თავგზა აქვთ არეული, არ იციან, რა გააკეთონ, რადგან ჩვენი მოსახლეობის 90 %-ს დიდი ხანია მყარად აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირის წევრობა.
ევროკავშირში ცნება, „მიტაცებული სახელმწიფო“, როგორცდღეს აქვს მიტაცებული საქართველო ბატონ ივანიშვილს, არ არსებობს. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებს: სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობას, არჩევნების სამართლიანად, სუს-ის ჩარევის, მოსყიდვისა და ძალადობის გარეშე ჩატარებას, პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებას, ოპონენტის არდაჩაგვრას, კორუფციასთან ბრძოლას… პარტია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი და სახელმწიფო ინტერესი ემსახურებოდეს პარტიული ჩინოვნიკების გამდიდრებას. ევროკავშირი ამბობს, რომ თუ ეს რეფორმები არ გატარდება, ჩვენი ადგილი არ არის ევროპაში.
და ვის ხელშია რეფორმების გატარება – მხოლოდ ხელისუფლების! არსად, არცერთ ქვეყანაში ოპოზიცია რეფორმებს ვერ გაატარებს.
რაც შეეხება ომს და მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში – ამას ჩვენგან არავინ ითხოვს, ისედაც ვართ გაყინული კონფლიქტის მდგომარეობაში პუტინის რუსეთთან. სამაგიეროდ, ახლა ბატონი ივანიშვილის „ოცნება“ ევროკავშირის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს !პირველი საინფორმაციო ფრონტი მათ უკრაინის წინააღმდეგ გახსნეს და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჩვენი მოსახლობის 90 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა.
საქმე გვაქვს კოგნიტურ დისონანსთან მოსახლეობისა და ხელისუფლების სურვილებში. ბოლო დღეებში, საზოგადოებაში გაღრმავდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფალი, ანუ ბატონი ივანიშვილი იმართება რუსეთიდან, რადგან მთელი ამ საინფორმაციო ომის წარმოება ევროკავშირის წინააღმდეგ აწყობს რუსეთს, არ აწყობს ქართველ ხალხს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესს და ემსახურება მხოლოდ ბატონი ივანიშვილისთვის პრორუსული ხელისუფლების შენარჩუნებას, რასაც ვერ შეძლებს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების პირობებში.
და ბოლოს, მადლობა ბატონ ივანიშვილს სამების აშენებისთვის, რაც 50 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ არასამთავრობო სექტორსა და სხვადასხვა ექსპერტებზე დაყრდნობით, კორუფციის მაჩვენებელი წელიწადში მილიარდს აჭარბებს. ათ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად ნულია, ექვსჯერ ჩამოვრჩებით ბალტიისპირეთის და ყოფილ სოციალისტურ, დღეს უკვე ევროკავშირში მყოფ ქვეყნებს – ამიტომაც გვინდა ევროპასთან და არ გვინდა ბატონ ივანიშვილთან.
დიახ, მან ააშენა სამება, მაგრამ ვერ გააგრძელა ეკონომიკის შენება და არ აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. ააშენა სამება, მაგრამ ანგრევს ქვეყანას და ამ ნგრევის ნაწილია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმა.
ბატონი ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს!” – აცხადებს ოქრიაშვილი.