ზაალ ანჯაფარიძე: ვეთანხმები „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ თუ აქციაზე არ მოგროვდა ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა, რისი რისკიც არსებობს, ეს ცუდად იქნება აღქმული როგორც თბილისში ისე ევროპაში და შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიღოს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და იზიარებს მმართველი გუნდის პოზიციას, რომ თუ პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზე არ მოგროვდა ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა, რისი რისკიც არსებობს ეს ცუდად იქნება აღქმული როგორც თბილისში ისე ევროპაში და შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიღოს.

 

მისი თქმით თუ რამე დააზიანებს საქართველოს მოსახლეობის თვალში ევროპულ მისწრაფებებს, 20 ივნისის მიტინგზე იმ სახეების ნახვაა, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას უმოწყალოდ ანგრევდა აქ ევროპულ ღირებულებებს.

 

„ევროკავშირთან „ასოცირების ტრიოს“ წევრებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ასეთი მძაფრი შიდაპოლიტიკური და საზოგადოებრივი დაპირისპირების საგანი გახდა და ეს მაშინ, როდესაც თითქოსდა (?!) მოსახლეობის 80% მეტი ევროინტეგრაციის მომხრეა.

 

მომდევნო დღეები იქნება კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მაჩვენებელი, რომელსაც აგერ უკვე მერამდენე წელია გვთავაზობენ როგორც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას.

 

ეს ყოველივე მეტყველებს ჩვენი პოლიტიკური კულტურის დონეზე, რაც ჩემი აზრით, შეესაბამება გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების სტანდარტს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შეძლებისდაგვარად, რის საშუალებასაც შექმნილი სიტუაცია იძლევა, ფარდა ახადა გარკვეულ საკითხებს. რაც მთავარია, „ქართული ოცნება“ ემიჯნება, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს მათი მისამართით და ეს დასაბუთებული იქნა.

 

რაც შეეხება 16 აქციას, ვეთანხმები „ქ/ოცნების“ პოზიციას, რომ თუ აქციაზე არ მოგროვდა ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა, რისი რისკიც არსებობს ეს ცუდად იქნება აღქმული როგორც თბილისში ისე ევროპაში და შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიღოს. ექსპერიმენტების ჩატარება ამ დროს სარისკოა.

 

და ბოლოს, 20 ივნისის აქციაზე, რომლის გადადებაც ითხოვა პრეზიდენტმა. თუ გავითვალისწინებთ, ვინ არიან ამ აქციის ორგანიზატორები/სპონსორები, თუ რამე დააზიანებს საქართველოს მოსახლეობის თვალში ევროპულ მისწრაფებებს, მიტინგზე იმ სახეების ნახვა, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას უმოწყალოდ ანგრევდა აქ ევროპულ ღირებულებებს. ხოლო მათი ახალგაზრდა ნაშიერები – „სირცხვილია“ და სხვა მოძრაობები, ლეღვის ფოთლად ვერ გამოადგებათ“- წერს ანჯაფარიძე.

Back to top button