ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალომე ზურაბიშვილი გათვითცნობიერებული არ არის ვისი პრეზიდენტია, მისი ბრიფინგი იყო არეული, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტი საუბრობდა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი.
„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია. ბრიფინგი იყო არეული. ის არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი ისე საუბრობდა.
ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ყველა მივდივართ და ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს.
საქართველოს მოქალაქის არჩევანს და გადაწყვეტილებას ვერც ხელოვნურად, ვერც შანტაჟით და ვერც მანიპულაციებით ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ვინმემ ამ თავისუფალი არჩევანის განსაზღვრაში ხელი შეუშალოს მათ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ მათ ჩვენ სიმართლე ვუთხრათ, რა შევძელით, რა ვერ შევძელით, შემდეგ მათ შეაფასონ. არ მოსწონთ „ქართული ოცნება“? გაისტუმრონ სახლში, ეს არის დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.