იშვიათობაა, ადამიანი ასე მტრობდეს თავის ისტორიულ სამშობლოს, როგორც არახამია მტრობს საქართველოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში, პირველ რიგში აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი – განაცხადა უმრავლეობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ადამიანი და მისი კოლეგები უკრაინის მთავრობიდან მუდმივად ავრცელებენ სიყალბეს მისივე თქმით, ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავს არიდებს სანქციებს და ცივლიზებული სამყაროს ზურგს უკან თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და მის მთავრობასთან.
„ახლა, როცა ფაქტიურად ევროკავშირის კარიბჭესთან ვდგავართ, ტომით ქართველი ადამიანი პირდაპირ, სიძულვილით სავსე ბრალდებებს აფრქვევს, მტკიცებულებების გარეშე, მტრობს თავის ისტორიულ სამშობლოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში პირველ რიგში აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი, როცა შეუქცევადად უნდა დავადგეთ გზას ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკური ღირებულებისკენ. ამ ისტორიულ მომენტში, ფაქტიურად დღეს, იმიტომ რომ ხვალ იკრიბება კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამგვარი სიცრუის, სიყალბის გავრცელება არის მტრობა, სიძულვილი, ქვეყნების ურთიერთწაკიდება. ყველა ამგვარ ბრალდებაზე იქნება შესაბამისი პასუხი“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.