ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებს ხვდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან. საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება. მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელების პროცესში აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან როლზე, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნისა და სხვადასხვა ინიციატივის ხელმძღვანელის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და ადამიანურ კონტრიბუციასა და ნიდერლანდების უდიდეს დახმარებასა და ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებშიც გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი დასავლური კურსი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკნაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.