დავით მათიკაშვილი: უნდა დასრულდეს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბარი, ეს არის ამოსავალი წერტილი თუ გვაინტერესებს, როგორ შეთანხმდეს ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს აქციების დრო არ არის

უნდა დასრულდეს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბარი, ეს არის ამოსავალი წერტილი თუ გვაინტერესებს, როგორ უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია და ხელისუფლება – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ შეწყდება, ამიტომ საჭიროა კონსტრუქციულობა. ყველა უნდა დაუბრუნდეს იმ სულისკვეთებას, რომ პოლარიზაცია გადადოს გვერდზე და ჩვენი ევროპული მომავლისთვის იმუშაოს. ამასთან, დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია პარალელურად აანონსებს აქციებს, სადაც უნდა იყოს ხელისუფლების ჩამონგრევაზე საუბარი.

 

„უნდა დასრულდეს ოპოზიციის მხრიდან 2012 წლიდან დღემდე მოგონილი ფრაზები ხელისუფლლების მიკუთვნებასთან დაკავშირებით. ყველამ უნდა აღიაროს, რომ ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც პროდასავლური გზით დადის, კონსტიტუციაში წერს და ასრულებს კონსტიტუციის დავალებებს. ვისაც კიდევ შესწევს ძალა, არ არის დახუნძლული კრიმინალით, ქვეყნის და ხელისუფლების გადატრიალების სურვილით და მცდელობით და ვისაც ობიექტურად შეუძლია მართლაც ოპონირება გაუწიოს, სამწუხაროდ, ბევრი არ არის ასეთი, ყველა ასეთ ადამიანთან ერთად, პუნქტობრივად შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის მოცემული. პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ შეწყდება და ვერც კონსტრუქციული დიალოგი შედგება, ქუჩაში პუფების მაყვირალი პოლიტიკა არ გამოდის, ამიტომ სჭირდება კონსტრუქციულობა. ყველა უნდა დაუბრუნდეს იმ სულისკვეთებას, რომ პოლარიზაცია გადადოს გვერდზე და ჩვენი ევროპული მომავლისთვის იმუშაოს. ჩვენ ერთადერთი სურვილი გვამოძრავებს, ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენს შვილებს შევუქმნათ კარგი მომავალი, რომელიც ევროპული მომავლის გარეშე არ არსებობს. ამიტომ აქ გვჭირდება ხელის შეწყობა, არ გვჭირდება პოლარიზაცია. პარალელურად აანონსებენ აქციებს, სადაც უნდა იყოს ხელისუფლების ჩამონგრევაზე საუბარი“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლების 2020 წლის არჩევნების საბოლოოდ ლეგიტიმურობის კიდევ ერთხელ აღიარება, ქვეყნის პროდასავლურობის აღიარება, ყველა იმ წინაღობის მოხსნა, რომელიც ამ პოლარიზაციას ქმნის, საჭიროა კრიმინალებისგან გათავისუფლება და კრიმინალური სურვილებისგან გამიჯვნა, ნაციონალურ მოძრაობას ეხება პირველ რიგში და სხვა პირებს, რომლებიც მათი ბელადის მოსაზრებებს აჟღერებენ.

 

„ეს ყველაფერი არის საჭირო და პოლარიზაციაც ნელნელა გაქრება, რა თქმა უნდა ბოდიშია ბევრგან მოსახდელი, სადაც არის მოსახდელი იმიტომ, რომ ამ ბოდიშს ხალხი ელოდება. იმის მაგივრად, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა სასამართლო დარბაზებიდან ბოდიშები იხადონ, პირიქით, ამართლებენ, როგორ ხარჯავდა ბიუჯეტის ფულებს ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვებისთვის თურმე. ეს ყვეელაფერი როცა მოხდება, პოლარიზებაც დამთავრდება. არ ვიცი, ნაციონალური მოძრაობა რას აპირებს, ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ აბსოლუტურად ყველა პუნქტის და განაწესის შესრულებას. „ქართულ ოცნებას“ სხვა მისია არ აქვს, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს ეკონომიკური წარმატებით და ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ამას ვასრულებთ ჩვენ“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Back to top button