,,გუშინ, ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იმდენი ,,არანაცი’’ და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. ეგ იყო, რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ, აქციაზე მისულ ადამიანებს შორის იყვნენ ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებიც და მათ ერთი რამ აერთიანებდათ, რომ დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა.
“მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ,,ნაცმოძრაობის’’ და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგანაც შემდგარი აქცია, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო, დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ მოითმინეს და ე.წ. მანიფესტის სახით ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას. კიდევ გავიმეორებ, წალეკვა და დაუმორჩილებლობა კი არ უნდა ახლა, უნდა შეთანხმება. ევროპა საქართველოს მომავალია. უნდა შევთანხმდეთ – ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი, თუ ეს ქვეყანა არის ევროპული დემოკრატიის სახელმწიფო, რომელსაც უპირატესად ეკუთვნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა,’’ – განაცხადა მდინარაძემ.