ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის მეთაურის რანგში, ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე

რა თქმა უნდა, საერთაშორისო, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ და ჩვენი რეაქციის ადეკვატურობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის არის, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინდივიდუალურად არც ერთ კომპანიას ექნებოდა უფლება საქართველოს გამოყენებით მოეხდინა სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მკაფიო მაგალითია „ვითიბი” ბანკი, რომელიც, როგორც კი სანქციების ქვეშ მოექცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა და სწრაფად, ერთ კვირაში მოახდინა ამ საქმის ჯეროვანი მართვა და მოაგვარა ეს საკითხი.

 

„თუმცა, მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ, ქართველები ვერ დავუწესებთ ე. წ. ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს და ძალიან გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები გაგვაჩნია, პრინციპში, ეს ჩვენი მოტივაციაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები. ჩვენი ქვეყნის მოწყვლადობის გამო. ვერ იპოვით ბევრ ქვეყანას მსოფლიოში, რომელის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თან, ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, იოლად გაიგებთ სად ვიმყოფებით.

 

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავრობის მეთაურის რანგში, მე ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია. აი, მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყანაა. მას არ დაუწესებია რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები და ეს ძალიან გასაგები მიზეზების გამო მოხდა. მათ შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდეთ უსაფრთხოების კუთხით “, – აღნიშნა პრემიერმა.

Back to top button