საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია.

როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე.

 

„მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება.

 

კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს.

 

ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერსებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!”, – აღნიშნულია წერილში.

Back to top button