ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფ, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლს და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტსა და საქართველოში გაეროს ოფისს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეწარმე ქალთა, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა და ახალგაზრდების მხარდაჭერა. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებზე და ძირითად პრიორიტეტებზე, სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე, ახალგაზრდული სივრცეების, ახალი სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობაზე. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას და აუცილებლობას.
ირაკლი ლაზარაშვილმა სტუმარს მიმდინარე მასშტაბური პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო, მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
მერიაში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სანია სელებიჩ-ლუკოვაცი და გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობის და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ახალგაზრდებთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ინიციატივების წარმომადგენლებთან.