საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.