დღეს, 1-ელ ივლისს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ იმსჯელებს და დეკემბრისთვის მიიღებს გადაწყვეტილებებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესრულებაზე. როდესაც „ოცნებას“ პარტიული ინტერესი აქვს, გადაწყვეტილებებს ყოველთვის დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით იღებს. გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ორი გადაწვეტილება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დროის გაწელვის მცდელობასთან.
“„ღალატის პარტიას“ არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ქართველი ხალხის 90 %-ის მიზანი კი სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა.
P.S.რაც შეეხება სამოქალაქო პროტესტს, ხშირად მეკითხებიან, რა ხდება მას შემდეგ, რაც რუსთაველზე 100 000 კაცი ვიკრიბებით?! ხდება შემდეგი: შევიკრიბებით პერმანენტულად, თვეში რამდენჯერმე, აგვისტოში – ბათუმში, მანამ, სანამ არ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი!
ჩვენმა ხალხმა 30-წლიანი გაჭირვება და ომები გამოიარა ამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად და ვერანაირი „ოცნება“ და ოლიგარქი წინ ვერ დაგვიდგება!
3 ივლისს ყველანი რუსთაველზე – ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!” – აცხადებს ოქრიაშვილი.