სვიმონ ჯანგულაშვილი: ივანიშვილმა შეძლო საზოგადოების მობილიზება, უსამშობლო ადამიანების დიქტატურის დამარცხება და ისეთი თამაშის წესების დატოვება, რომლის მთავარი ღერძი სამშობლო და სახელმწიფოა

ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ისეთი სასწაული მეღირსა უფლის წყალობით – მიქელანჯელოს წინაშე სიქსტის კაპელაში და მოციქულთა მთავრის – პეტრეს საფლავის წინაშე მისსავე სახელობის ბაზილიკაში წარდგენა გენიალური ქართული მუსიკისა, რომ არანაირი სურვილი აღარ მაქვს ჩვენს პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ვისაუბრო სულ ცხონებული მსახიობი მახსენდება, ერთ ნაც „ჟურნალისტს“ რომ უთხრა – „მე სახალხო არტისტი ვარ და შენ არავინო“ და მეშინია, ამპარტავნებასა და თავმომწონეობაში არ ჩავვარდე. თუმცა, ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემი საკუთარი თავით უკმაყოფილება და არასრულფასოვნების განცდა იმდენად დიდი მაქვს, რომ უმალ ამით ვიამპარტავნებ, ვიდრე ჩემი რაიმე მიღწევით.

აი ამ განცდებში ვარ, და არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. მაგრამ, რუსეთიდან ასობით ათასი დოლარი ჰონორარის ამღები აგენტების მიერ მოწყობილ პერმანენტულად ჩასვრილ „რევოლუციებს“ რომ ვუყურებ, და ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე ათასობით ადამიანის გულწრფელი ემოციებით მანიპულირებას, უბრალოდ, ვერ ვითმენ, რომ რამე არა ვთქვა ჩვენი ერის ყველაზე უნიჭო და ყველაზე გაბოროტებულ და დაბოღმილ კლასზე – მარადიულ პოლიტიკოსებზე, მარადიულად ხელმოცარულ რევოლუციონერებზე, ზოგ უზრდელ და გაუნათლებელ ჟურნალისტსა და ნაცისტურ პარტიებთან შეზრდილ არასამთავრობოებზე…

 

ამ ხალხს საქართველოს სიკეთე არ სურთ და არ უხარიათ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სიკეთე ბოროტებად წარმოჩნდეს, ყველა მიღწევა დაიმალოს ან უმნიშვნელოდ გამოჩნდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჯოჯოხეთი დახატონ ხალხის წინაშეც და დასავლელი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წინაშეც, რომ მერე თავი მხსნელებად წარმოადგინონ და ისევ აბობღდნენ საოცნებო სკამებზე. ხელისუფლებით შეპყრობილი და შეუმდგარი ადამიანები, გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიებში და ერთად ხრავენ ჩვენს სამშობლოს, მანიპულირებენ ახალგაზრდობის გულწრფელი ემოციებით და შხამსა და სიძულვილს სთესავენ. არადა, ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ჩვენთვის წარმოდგენილ პირობებში პირველი მოთხოვნა დეპოლარიზაციაა. დეპოლარიზაცია ნაცებს და მათ მოკავშირეებს ასე ესმით – ყველა უნდა გაჩუმდეს მათ გარდა, სააკაშვილი პრემიერი უნდა გახდეს და თავიდან უნდა დაიწყონ ყველაფერი, რაც მაშინ ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

 

მთავარი მტერი ივანიშვილი ჰყავთ საქართველოში. მასთან ერთად – პატრიარქი და ეკლესია და ჩვენი საზოგადოების ბრწყინვალე შვილები – ინტელიგენცია, რომელიც ქმნის ეროვნული კულტურის ყველაზე გამორჩეულ მწვერვალებს…

ივანიშვილზე რა უნდა ვთქვა? ამის წინ, „ლიბერალმა“ და „თავისუფალმა“ გირჩ-ჯაფარიძემ ჩემი ფოტო გამოდო ფეისბუქზე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატით, სადაც მე ივანიშვილს ვესარჩლებოდი და მისი „თავისუფლების“ მოტრფიალე მრევლიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა. ესაა მათეული თავისუფლებაც და ლიბერალიზმიც – გაანადგურო ადამიანი, რომელიც შენგან განსხვავებულ აზრს ამბობს… განსხვავებულთა მიმართ ტოლერანტობა მათ მხოლოდ სათავისოდ სურთ… აი ჩვენ უნდა გავნადგურდეთ. რობერტ სტურუა უნდა მოკლან. პატრიარქს ჯერ სახელი უნდა გაუტეხონ და გული და მერე უნდა მოკლან. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ყველაზე მწარე სიკვდილით სურთ რომ მოკლან და გაანადგურონ. ყველა განსხვავებული რომ მოვკვდებით, მერე ისინი ბედნიერად ააშენებენ დემოკრატიულად და ლიბერალურად ერთსახოვან საქართველოს, სადაც განსხვავებული აზრი მხოლოდ იმაზე იქნება – ლაშა ბუღაძე უფრო გენიალური მუსიკოლოგია თუ ნოდარ ლადარია.

 

არახამიასი არ იყოს – რომელიც, არა კი არა, ნამდვილად ხამია – ფულისა – საკუთარი სამშობლოს კეთილისმყოფელი ქველმოქმედის დასანქცირება რომ მოითხოვა დასავლეთისაგან და იმავე საღამოს აბრამოვიჩისთვის სანქციების მოხსნა (ავი ენები ამბობენ, ძალიან ბევრი მილიონი აიღო ამაში აბრამოვიჩისგანო). ჩვენი ნაცისტებიც ივანიშვილის განადგურებას ნატრობენ, მოითხოვენ და ცდილობენ. იციან, რომ ამ კაცმა გაათავისუფლა საქართველო მათი ბელადის დიქტატურისა და ავტორიტარიზმისაგან. ამიტომაც, ყველანაირად დამამცირებელი ეპითეტებით იხსენიებენ ამდენი წელია და ცდილობენ ამ კაცის განადგურებას.

 

ეს უნიჭოები ვერ ხვდებიან, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშიც გროსმეისტერია. მან ეს ჯერ კიდევ 2012 წელს დაამტკიცა. 2011 წლის ბოლოს, როდესაც ეს კაცი პოლიტიკაში შემოვიდა, არავის სჯეროდა, რომ ის ზუსტად ერთი წლის თავზე არჩევნების გზით ნაციონალური მოძრაობის გასტუმრებას შეძლებდა. თუმცა, ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და ყველაფრის მკადრებელი დიქტატურა იუველირული სვლებით დაამარცხა.

ნაციონალური მოძრაობა, ყოველგვარი უკადრებლის კადრების მიუხედავად, ხელისუფლებაში დაბრუნებას 10 წლის მანძილზე რომ ვერ ახერხებს, ესეც ისევ და ისევ ივანიშვილის პოლიტიკური გროსმეისტერობის დამსახურებაა. ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია და მისი პატრონები პატის მდგომარეობაში ჩააყენა. დღეს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლება რამენაირად დაამარცხონ, თუმცა, ივანიშვილმა მათ არცერთი სვლა არ დაუტოვა.

 

პატს მივუბრუნდები, მაგრამ მანამდე ოლიგარქისა და დეოლიგარქიზაციის თემასაც მინდა შევეხო.

 

როგორც ცნობილია, კლასიკური გაგებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული (უკრაინული კანონმდებლობითი სტანდარტით, 80 მილიონ დოლარზე მეტი) და ფლობს გავლენას პოლიტიკასა და მედიაზე. პოლიტიკასა და მედიაზე გავლენას ივანიშვილს რომ ვერაფრით უმტკიცებენ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოს დაგვაჯერებს – ნუ, ზღვის საკუთარ სახლთან გაყვანა-მიტაცებას და დენდროლოგიური პარკის გამო გურია-აჭარის აოხრების მითებს, და კიდევ, აბასთუმნის გაყიზილბაშების ნოდარ მელაძისეულ ისტერიკულ ბრალდებებს თუ არ ჩავთვლით. რაც შეეხება ფულს: დღევანდელი მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ამ კრიტერიუმსაც არ აკმაყოფილებდეს. როგორც ცნობილია, ივანიშვილმა მთელი თავისი აქტივები, ოჯახის საკუთრებაში დატოვებული 200 მილიონის გარდა, საქველმოქმედო ფონდს დაუთმო და ეს აქტივები დღესაც საქველმოქმედო პროექტებს ხმარდება. გარდა ამისა, ჩვენი ნაცისტების გულის გასახარებლად, მას დღემდე იმ თანხის გადარიცხვის საშუალებასაც კი არ აძლევენ, რაც შვეიცარიულ ბანკში აქვს განთავსებული. ასეთ პირობებში, ივანიშვილის დღევანდელი ფაქტობრივი ქონებრივი მდგომარეობა 80 მილიონზე ათჯერ ნაკლებიც კი შეიძლება იყოს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ის ოლიგარქის ცნების პირველ კრიტერიუმსაც კი არ აკმაყოფილებს. საერთოდ, ხშირად მგონია, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი და ნაყოფია ბევრად მდიდრები არიან, ვიდრე ივანიშვილი. ფაქტია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ აქ გამოგზავნილი მილიარდები ჩვენს ქვეყანას არაფერში არ დასტყობია და ნაცისტებსა და კეზერაშვილებს კი მაშინვე დაეტყოთ და დღესაც ეტყობათ (ამ თემაზე რატომ არ ტარდება გამოძიება, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა ჩვენი ქვეყნისა)…

 

რუსეთსა და უკრაინაში ოლიგარქები სახელმწიფო მმართველობასა და ეკონომიკას არიან შეზრდილნი. ისინი მდიდრდებიან რუსეთის წიაღისეულისა და ენერგეტიკული რესურსების ვაჭრობიდან მიღებული ჩრდილოვანი თანხებით. ისინი ქმნიან დანაშაულებრივ სისტემას, რომლის თავშიც დედამიწის ოლიგარქებს შორის ყველაზე მდიდარი და საშინელი კაცი დგას, და რომელიც აკონტროლებს ყველა რუსი ოლიგარქის ქონებას, რომელნიც, თავის მხრივ, ამ გიგანტური ქვეყნის ცხოვრების, ეკონომიკისა და კულტურის სხვადასხვა სფეროებს აკონტროლებენ და წველიან და წველიან თანხებს. რუსული ოლიგარქიული სისტემა, პრაქტიკულად გიგანტურ მასშტაბებამდე გაზრდილი მაფიაა, რომელიც, სადღეისოდ უმდიდრეს და უძლიერეს სინდიკატად იქცა და უსასტიკეს ომს აწარმოებს უკრაინაში.

 

ასეთი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი? – არა. საქართველოში არ გამდიდრებულა, საქართველოთი არ მდიდრდება, ხელისუფლებაში იყო და წავიდა, თავისი ქონების 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოახმარა და სანაცვლოდ ლანძღვასა და გინებას და განადგურების მცდელობებს იღებს.

 

იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნების არცერთი ასპექტი არ უმტკიცდება, რადიკალური ოპოზიცია და მისი პატრონები იძულებული არიან, ოლიგარქის თემაზე აბსტრაქტული განცხადებებითა და ჩანაწერებით და მედია-ისტერიკით შემოიფარგლონ. რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი და ლობისტი აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ზოგიერთი, პირიქით, პოლიტიკაში მის დაბრუნებას ან გუნდისთვის კონკრეტული მითითებების მიცემას ითხოვს. თუმცა, ისინი კონკრეტულად საჯაროდ ვერაფრით ამბობენ, რა უნდა გააკეთოს ან რას უნდა დაანებოს თავი ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც პოლიტიკიდან გასვლის დღიდან მხოლოდ ერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული და ისიც მის შესახებ გავრცელებული სპეკულაციური ინფორმაციის უარსაყოფად.

 

შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ორ კაცს ურეკავს და რჩევებს აძლევს. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ეჭვი მეც მაქვს და მეტიც, მჯერა კიდეც, რომ ივანიშვილს მმართველი გუნდის ლიდერებთან გარკვეული კომუნიკაცია აქვს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ხმამაღლა ვერც ამაზე ამბობენ რამეს, რადგან პოლიტიკაში რჩევის მიცემა დანაშაულად არასდროს არსად ჩათვლილა და ვერც საქართველოში ჩაითვლება.

 

აგერ, ციხეში მყოფი, დამტკიცებული დანაშაულებების მქონე პირის მითითებებით რევოლუციას რევოლუციაზე აანონსებთ და აწყობთ, ძვირფასებო, და ივანიშვილს რატომ უნდა ჩაეთვალოს დანაშაულად, ვინმეს თუ რამეს ურჩევს? მართლა არ მესმის ეს ორმაგი სტანდარტები, რომლითაც სუნთქავენ და არსებობენ ჩვენი ნაცისტები და მათი პოლიტიკური თუ მედია ლიდერები.

 

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის იანვარში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან გადიოდა და ეს გააკეთა კიდეც, თუმცა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს მისი სახელი დღემდე პირზე აკერია და ამ სინდრომისგან განთავისუფლებას ხან ვერ და ხან არ ახერხებს. რა თქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს.

 

ბუნებრივია, ივანიშვილის არსებობა, როგორც ფაქტორი, სერიოზულ გავლენას ახდენს როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციასა და მის პატრონებზე. ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“ და მასთან ერთად, ახალი თამაშის წესები ქართულ პოლიტიკაში. თავის გუნდთან ერთად, მან დაამკვიდრა სამართლიანი და გამჭვირვალე თამაშის წესები, რომლებიც კონსტიტუციას, კანონებს, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ეფუძნება და მხოლოდ ამ წესების საბოლოოდ გამყარების შემდეგ გავიდა პოლიტიკიდან.

 

სულაც არ მიმაჩნია, რომ იდეალურია ყველა და ყველაფერი, ვინც ივანიშვილმა მოიყვანა და დაგვიტოვა. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ, ჯერ-ჯერობით, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ყველაზე დემოკრატიული, სახალხო, გახსნილი და წარმატებული ხელისუფლება, რაც კი გვყოლია. ესაა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ომი აგვაცილოს. და ეს უკვე ყველაზე დიდი წარმატებაა 1992 წლის მერე.

 

ამ ყველაფრის სრული ანტიპოდი იყო სააკაშვილის მთავრობა, რომელმაც ძალაუფლების გამყარება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებით დაიწყო, რის შემდეგაც ეროვნული იდენტობის ნგრევის საქმეს დიდი რუდუნებით მიჰყვა.

სწორედ ამ მიზნით დაუპირისპირდა ის, პირველ რიგში, ორ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავდა: ეკლესიას და ინტელიგენციას. ყველას კარგად გვახსოვს, ერთი მხრივ გარეგნული რევერანსები ეკლესიის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ – მეინსტრიმული ნაცი იდეოლოგების მრავალწლიანი „ქადაგებები“, გამოსვლები და ნაწერები ეკლესიის წინააღმდეგ, იდეოლოგია, რომელიც წარმოაჩენდა ეკლესიას, როგორც დრომორჭმულ, შავბნელ, პრორუსულ და ფანატიკურ ინსტიტუციას. ამ იდეოლოგიას დღესაც ჰქადაგებენ ნაცისტები. ყველას გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ შეელახა ეკლესიისა და სასულიერო პირების რეპუტაციის შელახვას, როდესაც მათ ერთი ხელით ჯიპებს ურიგებდნენ, ხოლო მეორე, ენჯეოების ხელით კი, ამ ჯიპების გამო აკრიტიკებდნენ. ბოლო წლებში ნაცისტები უკვე ვეღარც მალავენ ეკლესიისა და პირადად პატრიარქის მიმართ სიძულვილს და ტირაჟირებენ და ტირაჟირებენ ცილისმწამებლურ და ბოროტ პროპაგანდას პატრიარქის წინააღმდეგ. რამდენჯერ ეჯდათ ეთერში პეტრე ცაავა და მისი სექტის წევრები და საათობით ალაპარაკებდნენ ბოროტებას პატრიარქის წინააღმდეგ? რამდენჯერ უთქვამთ, მიშა დამნაშავეა, ეკლესიას თავისი ადგილი რომ არ მიუჩინაო? დანაშაულად უთვლიან ბელადს იმას, რომ მან ბოლომდე არ გაანადგურა ეკლესია და თავისი მოდერნიზებული სასულთნოს უგემოვნოდ ბრჭყვიალა ფასადის სამშვენისად გადაკეთებას რომ უპირებდა ეკლესიას..

 

ასევე, ყველას ახსოვს, როგორ უწოდა სააკაშვილმა ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს – მეცნიერებს, რეჟისორებს, მწერლებს, მუსიკოსებს, მხატვრებს და სხვებს „ჩარეცხილი ინტელიგენცია“. არა მარტო უწოდა, არამედ მთელი იმ წლების მანძილზე, საქმითაც ყველაფერს აკეთებდა ინტელიგენციის „ჩასარეცხად“ და უნიჭო, მაგრამ ხელისუფლების მიმართ ლოიალური ფსევდო-ავტორიტეტებით, ფსევდო-მეცნიერებითა და ფსევდო-ხელოვანებით მის ჩასანაცვლებლად. ეროვნული იდენტობისთვის ფესვების მოთხრის მცდელობაც, რომელსაც დღეს ამაყად აგრძელებენ ძმები ბერძენიშვილები და მათი თანამოაზრენი, სწორედ ნაციონალური მოძრაობის აღზევების დროიდან იღებს სათავეს. ქვეყნის ისტორიაზე შეტევა და დიდი წინაპრების გინებაც იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელსაც ნიკა გვარამიამ „დესამშობლოიზაცია“ უწოდა.

 

ნაციონალური მოძრაობის კამპანიას ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ერთი მიზეზი ჰქონდა – ეს პარტია, თავისი შიდა პარტნიორებით, არის უსამშობლო ადამიანების გუნდი, რომლისთვისაც ყველაფერი ეროვნული ორგანულად მიუღებელია. რახან ივანიშვილზე ვსაუბრობდი, გავიხსენებ მის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც მან მოყვა ერთ-ერთ უსამშობლო ნაცისტთან თავისი პოლემიკის შესახებ. იმ კაცს ივანიშვილისთვის უკითხავს, შენთვის პირველი სამშობლოა თუ სახელმწიფოო. როდესაც ივანიშვილმა კითხვა შეუბრუნა, მას უთქვამს, ჩემთვის სამშობლო არაფერია, სახელმწიფოა მთავარიო. „გასუდარსტვენიკი“ იყო რა როგორც უყვართ ხოლმე, ნაცებს თქმა.

 

ამაზე ივანიშვილმა ძალიან ემოციური რამ თქვა – სამშობლო ღვინოა და სახელმწიფო ქვევრი და ამ ადამიანებს თუ ღვინო არ უყვართ, ცარიელ ქვევრს მათთვის რა ფასი აქვსო. და ზოგადად, სამშობლო არის ადამიანები და ჰუმანიზმი, ბუნება და ეკოლოგია, მზრუნველობა და ერთობა. სახელმწიფო ამ ყველაფრისთვის მსახურების ინსტრუმენტია. როდესაც სახელმწიფოს უფრო დიდ ღირებულებად აცხადებენ, ვიდრე ადამიანს და კულტურას, ასეთ დროს იწყება ჯერ იდეოლოგიზებული, მერე კი, ტოტალიტარული და ავტორიტარული აზროვნება და მმართველობა, რასაც ეწირება ყველა და ყველაფერი. სწორეს ასეთი მმართველობა ჰქონდათ ნაცებს და საქმეც ის არის, რომ ამ ადამიანებს არც სამშობლო უყვართ და არც სახელმწიფო. მეტიც, ამ ადამიანებს არც არავინ და არაფერი არ უყვართ და ვინც ბევრს გადაუხდის, მისთვის „ქვევრის“ დაცარიელებასაც მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ მონის ფსიქოლოგია და კლერკის აზროვნება აქვთ. სწორედ ამიტომ ასრულებენ თვალდახუჭული სხვადასხვა პატრონის ყველა დავალებას, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

ბიძინა ივანიშვილს, იმის სრულიად საპირისპირო მოვლენაა, რასაც ეს უსამშობლო ადამიანები განასახიერებენ. სწორედ სამშობლოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის პერიოდში გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მანამდე არავინ ვიცნობდით. დღიდან მისი გამოჩენისა, ივანიშვილის ყველა საქმე სწორედ იმ ორი დავალების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას პატრონებმა დაუსახეს. იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ეკლესიას ებრძოდა და ინტელიგენციას „რეცხავდა“, ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და სამების ტაძრის შენება დაიწყო. სრულიად მიზანმიმართულად, მან დაიწყო იმ ყველაფრის მოვლა-პატრონობა, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს ისტორიას უნახავდა. გარდა ამისა, ივანიშვილი პატრონობდა სააკაშვილის მიერ „ჩარეცხილ“ ინტელიგენციას, შეუდგა თეატრების, მუზეუმების, უნივერსიტეტების აღდგენას, განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ სიმდიდრეზე – ქართულ პოლიფონიაზე, რათა ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართულ ბრძოლას ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ პატრიოტული საქმით დაპირისპირებოდა. ამას ვერავინ ვერ უარჰყოფს და ერთი იმასღა ამბობენ, რომ მოგვისყიდაო. ანუ, სიკეთე და კეთილი საქმეები მოსყიდვა ყოფილა და ინსტიტუციების ნგრევა, კულტურისა და ადამიანების განადგურება – სიკეთე. მე პირადად ნაცების ბოროტებაზე საბოლოოდ თვალი სწორედ ინტელიგენციის განადგურებისა და მკვლელობის კამპანიამ ამიხილა – გავიხსენოთ გურამ შარაძის ბედი, გავიხსენოთ რობერტუ სტურუა. გავიხსენოთ, როგორც ექცეოდნენ ოთარ ჭილაძეს ან ანა კალანდაძეს. ამ უკანასკნელის გასვენებაზე კულტურის მინისტრი არ მივიდა. ეს მშვენიერი ფაქტია რომელიღაცა ნოდარ ლადარიასათვის, რომელიც გალაკტიონსაც კი აძაგებს და საბჭოთა ადამიანს უწოდებს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ფაქტი იყო დემონსტრირება ნაცების დამოკიდებულებისა ეროვნულ კულტურასთან, ხელოვნებასთან და ავტორიტეტებთან – კულტურის მინისტრი წავიდოდა რომელიღაცა პატრიოტთა ბანაკის კედლის შეღებვის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, კულტურის მინისტრი წავიდოდა რომელიღაცა უნიჭო მიშა მშვილდაძის უნიჭო კლიპის პრეზენტაციაზე (ასეთ კლიპებში სამინისტროს ბიუჯეტიდან 300-500 ლარი იხარჯებოდა საშუალოდ), მაგრამ, კულტურის მინისტრი არ უნდა მისულიყო ანა კალანდაძის დაკრძალვაზე. ამ ყველაფრით იქმნებოდა ახალი, მანქურთული საქართველო, ახალი ჯიშის ჰიტლერ-იუგენდური საქართველო…

 

ამ ყველაფერს საკუთარი ქონებით დაუპირისპირდა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს ისტორიისათვის უპრეცენდენტო ქველმოქმედება გასწია. ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ ეროვნული იდენტობის დასაცავად ესეც არ იყო საკმარისი, თავი გაწირა და პოლიტიკაში შემოვიდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ნაციონალური მოძრაობის დამარცხება შეუძლებელი იყო. როდესაც ივანიშვილმა დაინახა, რომ საზოგადოება დიქტატურას ვერ ერეოდა, სწორედ მან შეძლო საზოგადოების მობილიზება, უსამშობლო ადამიანების დიქტატურის დამარცხება და ისეთი თამაშის წესების დატოვება, რომლის მთავარი ღერძი სამშობლო და სახელმწიფოა. ამ ყველაფერს მან პოლიტიკური ქველმოქმედება უწოდა, რაც მის მიერ ქართულ პოლიტიკაში გაკეთებული საქმის ყველაზე ზუსტი შეფასებაა.

 

ფაქტია, რომ ხელისუფლებაც ივანიშვილის მიერ დატოვებული წესებით ცდილობს საქმიანობის გაგრძელებას. სწორედ ამიტომაა, რომ მართალია ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, რითაც ხელისუფლებას უზარმაზარი პიროვნული რესურსი დააკლდა, მაგრამ უსამშობლო ადამიანები მას მაინც ვერ ერევიან. ისიც ფაქტია, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, საზოგადოების უმრავლესობას მოსწონს თამაშის წესები, რომელიც სამშობლოს იდეას – ანუ საკუთარი იდენტობის, ქვეყნისა და ეკლესიის პატივისცემას და სახელმწიფოს იდეას – ანუ სამართლიან კონსტიტუციასა და კანონმდებლობას ეფუძნება. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლებისათვის ეს ორი იდეა ორგანულად მისაღები და მოსაწონია და სწორედ ამიტომ, ყოველგვარი მერყეობის გარეშე მიჰყვება მას.

 

როგორც უკვე ვთქვი, ბიძინა ივანიშვილის არსებობა, მისი ფაქტორი, თავისთავად არის სერიოზული რესურსი. მმართველ გუნდსაც და საზოგადოებასაც აქვს იმის განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილი ქვეყანას არ მიატოვებს და მას უსათუოდ დაეხმარება.

 

სწორედ ამიტომ, ოპოზიციის მიერ ივანიშვილის გვარის ყოველდღიურ ტრიალს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. ივანიშვილმა ისინი პატის მდგომარეობაში ჩააყენა – ვერც ერთ სვლას ვერ აკეთებენ ისე, რომ უფრო წამგებ და უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ. ვიდრე პოლიტიკაში იყო, სწორი სვლები აკეთა, პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ კი, სწორი წესები დატოვა. შესაბამისად, მართალია, პოლიტიკიდან თვითონ გასულია და სვლებს აღარ აკეთებს, მაგრამ სვლები არც ოპოზიციას დაუტოვა და აქედან გამომდინარე, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილებს ივანიშვილის გვარის ტრიალის მეტი არც არაფერი დარჩენიათ.

 

ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქობას ვერავინ უმტკიცებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს კაცი პოლიტიკაში თამაშის წესების გარანტია და სწორედ ამიტომ, ის ადამიანები, რომლებსაც ეს თამაშის წესები არ აწყობთ, ობიექტურად შესჩივიან მას. სწორედ ამიტომ არის ივანიშვილი მათთვის პრობლემა.

 

ბიძინა ივანიშვილმა სწორი ცხოვრებით იცხოვრა, თავისი ქონება საკუთარი შრომით შექმნა და შემდეგ, ამ ქონების უდიდესი ნაწილი, 3 მილიარდი დოლარი საკუთარ ქვეყანას მოახმარა. ამ კაცს სამშობლო რომ უყვარს, სიკეთეც ამიტომ აკეთა და ნაკლიც ამიტომ ვერ უპოვეს. რაც შეეხება უსამშობლო ხალხს, მათ ქვეყანა რომ არ უყვართ, ამდენი დანაშაულიც ზუსტად იმიტომ ჩაიდინეს და დღემდე ამდენ შეცდომასაც იმიტომ უშვებენ.

 

გარდა ქველმოქმედებისა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაშიც სწორად აკეთა საქმე. პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ გაისტუმრებდა უსამშობლო ადამიანების დიქტატურას, შექმნიდა თამაშის ახალ წესებს და გავიდოდა პოლიტიკიდან, რაც მან პირნათლად შეასრულა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მიმართ ამ მასშტაბის ამაგი აქვს, ალბათ, მსოფლიო მასშტაბითაც კი ძნელად მოიძებნება.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს მყარი საყრდენი უმაგრებს ზურგს: ეს არის ამაგი ქვეყნის წინაშე, დატოვებული ძლიერი გუნდი და საზოგადოების ნდობა მისი პიროვნების მიმართ. სწორედ ამიტომაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს უხერხებენ.

 

ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, სანქციებზე დაიწყეს ლაპარაკი, თუმცა, თავადვე მიხვდნენ, რომ ამით მის პოპულარობას გააორმაგებდნენ და მას გმირად აქცევდნენ. როგორც ცნობილია, საზოგადოებას უსამართლოდ დაჩაგრულის მიმართ თანაგრძნობა და მხარდაჭერა უათკეცდება და ამ შემთხვევაშიც, სანქციებს ზუსტად იგივე ეფექტი ექნებოდა.

 

რაც შეეხება მეორე თეორიულ ვერსიას, ივანიშვილის ფიზიკურ განადგურებას, ეს მარტივი არაა და ამის ჩადენის შემთხვევაში, საზოგადოება დამკვეთს იოლად მიაგნებდა. შესაბამისად, ფიზიკური განადგურების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის პატრონები სანქციებზე უარეს შედეგსაც კი მიიღებდნენ.

 

დასასრულს, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც უკვე რამდენჯერმე ვთქვი. ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა უყვარს, მისთვის თავის დროზე თავიც კი ქონდა გადადებული და ვერანაირი ძალა მას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯისკენ ვერ უბიძგებს. მით უმეტეს გამორიცხულია, ივანიშვილმა ომში საქართველოს ჩართვას და ქვეყნის განადგურებას მოაწეროს ხელი.

 

შესაბამისად, იმ პატურ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს არიან, ნაციონალური მოძრაობას და მათ სტრატეგიულ პარტნიორებს მინდა ვუთხრა შემდეგი: მართალია, ზოგადად, თქვენ საქართველოზე ათჯერ მეტი რესურსი გაქვთ, მაგრამ საქართველოში ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორთან ერთად, პირიქით, თქვენზე ათჯერ მეტი რესურსი აქვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ქვეყანას ვეღარ მოერევით და აქ ომს ნაცისტების ხელით მეორედ ვეღარ გააჩაღებთ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ და თამაში დაიტოვოთ.

 

ჩემი რჩევა იქნება, მოუსმინოთ ქართველ ხალხს და არა ლუმპენ-პოლიტიკოსებს, რომლებიც, უბრალოდ იმიტომ ფუთფუთებენ, რომ ფული გამოგწოვონ და ამით რაიმენაირად იარსებონ.

 

ვიდრე ნაციონალური მოძრაობა იქნება პოლიტიკურ ველზე, ქართველი ერი მუდამ მათ საწინააღმდეგო არჩევანს გააკეთებს. პოლიტიკიდან უნდა წავიდეს ყველა ნაცი, სულ ერთია, 5 თუ 10 პარტიებად დაიყოფიან ისინი. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ნამდვილიდა ჯანსაღი ოპოზიცია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჯანმრთელდება პოლიტიკური პროცესი და წინ წავა ჩვენი ქვეყანა.

 

ჩვენ გვინდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო… მაგრამ ეს არ გვინდა ომის ხარჯზე და არც იმისთვის, რომ აქ კეზერაშვილი ან გვარამია გამეფდნენ და დაბომბილი ქართული სოფლებისა და ქალაქების დასახმარებლად გამოგზავნილი მილიარდებით გამდიდრდნენ და სამუდამოდ მოაჯდნენ ქვეყანას თავზე.

 

ივანიშვილს პირადად ჩემთვის არაფერი არ გაუკეთებია. მაგრამ, მე არ შემიძლია მისი მადლიერი არ ვიყო ყველაფრის გამო, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ხელოვნებისათვის, ჩვენი მოღვაწეებისათვის. რამდენიც დაარტყამთ ამ კეთილ ადამიანს, იმდენჯერ, სიკეთის სახელით გიპასუხებთ, რაც არ უნდა უნიჭოდ და სასტიკად გვაბულინგოთ და დაგვცინოთ… სიკეთეს დაცვა და მადლიერება სჭირდება.

 

თქვენ თუ არ გრცხვენიათ გიგი უგულავას, ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის გვერდში და „ბაბლში“ დგომა, მე რატომ უნდა მრცხვენოდეს სიკეთისა და ბოროტებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა და კეთილი ადამიანის დაცვა და გამოსარჩლება?

 

მართლა ძალიან, ძალიან მინდა, რომ მხოლოდ მუსიკაზე ვსაუბრობდე და ვკამათობდე.

მინდა, რომ შეხება აღარ გვქონდეს უნიჭო და ბოროტ პოლიტიკოსებთან. მხოლოდ უნიჭო და ბოროტ პოლიტიკოსს შეუძლია, დამთავრებული ჰქონდეს მგიმო და რობერტ სტურუას ან თემურ ჩხეიძეს ლანძღავდეს, როგორც ერის მტრებს და პრორუსულ ან საბჭოთა ადამიანებს, მხოლოდ უნიჭო და ბოროტ პოლიტიკოსს შეუძლია, თვითონ რუსეთიდან წელიწადში რამდენიმე ასეულ ათას დოლარს იღებდეს და ქართველ ხელოვანებსა და სპორტმენებს სამშობლოს ღალატად უთვლიდეს რუსულ შემოსავლებს (პაატა ბურჭულაძეც კი არ დაინდო ხოშტარიამ 2 წლის წინ პეტერბურგში სიმღერის გამო), და უნდოდეს, რომ ქართველმა ხალხმა სანქცია გამოუცხადოს რუსეთს, ანუ, გაზისა და დენის გარეშე დარჩეს. თვითონ კი გათბებიან რუსეთიდან მიღებული ფულით.

 

მხოლდო უნიჭო და ბოროტ პოლიტიკოსს შეუძლია, სამშობლოს მტრად აცხადებდეს ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრების, მონაპოვრის, სახსრების აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოს შესწირა – უანგაროდ, მხოლოდ გულის სიკეთის გამო.

საშველს ვერ ვხედავ – ერთ მხარეს აბსოლუტური ბოროტების ხმა ისმის, რომელიც ცდილობს, ყველა განსხვავებულად მოაზროვნე გაანადგუროს და რუსეთის აგენტად გამოაცხადოს. მეორე მხარე თავდაცვას ცდილობს და ამასობაში პოლარიზაცია და დაპირისპირება უკვე სახიფათო ზღვარს აღწევს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ღმერთი გადაგვარჩენს. ჩვენისთანა გიჟ ერს ალბათ განსაკუთრებულ მადლს მოუვლენს და გვიშველის სასწაულებრივად. სხვა საშველი არა ჩანს…

 

თუმცა, სიკეთე – ეს მარადიულად ჯვარცმული, მაგრამ, მარადიულად დაუმარცხებელი სინათლე, მუდამ გაგვინათებს აწმყოსაც და მომავალსაც.

და სიკეთის მოქმედ ადამიანს, მადლიერებას თუ ვერ ვეტყვით, დაუმსახურებელ ბოროტებას მაინც ნუ მივაგებთ… ასე არ შეიძლება. ასე გავბოროტდებით და გავნადგურდებით” – წერს ჯანგულაშვილი.

Back to top button