საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის – შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია
ნულანდმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ და უკრაინის თავდაცვის
მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული
უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული
ომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების რთულ ვითარებაზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი, როგორც ნატოს
აღმოსავლეთ ფლანგის განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური
უსაფრთხოებისთვის. მისი განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება
სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე. მინისტრის თქმით,
მისასალმებელია, რომ ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოს
ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ხაზგასმული. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს
ურყევ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო
მალე გახდება ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო
გაძლიერების სურვილი გამოხატა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაცვის
ძალების ტრანსფორმაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით,
საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა
კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ატლანტიკის – შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი“ რუმინეთის ასპენის ინსტიტუტისა და აშშ-
ის გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.