„თქვენ რომ ევროსაბჭო უწოდეთ, სინამდვილეში ეს არის ერთი ქალბატონი, ევროპარლამენტარი ქალბატონი რასა, რომელიც აღლუმზე დასასწრებად ოფიციალური მოტივით რომ ჩამოდიოდა, შემდეგ „ნაცების“ შეკრებაზე გარბოდა – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭომ კარგად განმარტა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და დეივანიშვილიზაცია.
მისი თქმით, ეს თქვა არა ევროსაბჭომ, არამედ კონკრეტულმა ევროპარლამენტარმა.
„თქვენ რომ ევროსაბჭო უწოდეთ, სინამდვილეში ეს არის ერთი ქალბატონი, ევროპარლამენტარი ქალბატონი რასა, რომელიც აღლუმზე დასასწრებად ოფიციალური მოტივით რომ ჩამოდიოდა, შემდეგ „ნაცების“ შეკრებაზე გარბოდა. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რადგან ასე კონკრეტულად გაინტერესებთ, რომ მათი ლობისტები და ხშირად ისინი „ნაცმოძრაობის“ დავალების მიმცემებადაც კი გვევლინებიან. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა.
შემთხვევით არ უთქვამს ამ ქვეყნის მთავრობის მეთაურს მათთვის ორ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში, ჩამოყალიბდით, რომელ ქვეყანას ემსახურებითო“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, მაშინ რატომ წერს ახლა პრემიერი წერილს იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს აუხსნა, რომ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელია.
„პრემიერი წერს ევროპის საბჭოს, ქალბატონი ურსულა არ არის ევროპარლამენტარი და არც ევროპარლამენტის ხელმძღვანელი, ის არის ევროკომისიის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს მიმართავს, ძალიან გთხოვთ ამაში გაერკვიეთ და შემდეგ უფრო კონკრეტულად გაგცემთ პასუხს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.