,,უკაცრავად, მაგრამ რომელი მიმართულებით ვერ ჰპოვეს ის სახის პრაქტიკული განხორციელება, როგორიც ბატონ კასიანოვს სურდა? ვაჭრობასა და ეკონომიკაში? მაინც კონკრეტულად რა იქნებ მოხდეს დაკონკრეტება, თორემ ასეთი ზოგადი საუბარი საკმაოდ არარელევანტურია,’’ ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც გაბრიჭიძე წერს, ასეთი გამოცდილების მქონე დიპლომატმა უნდა იცოდეს, რომ მსგავსი განცხადებები აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
,,ძალიან უცნაურია ის ტონი და შეფასებები, რაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულ ანდრეი კასიანოვს საქართველო – უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე თავის განცხადებაში ჰქონდა. – სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება.
უკაცრავად, მაგრამ რომელი მიმართულებით ვერ ჰპოვეს ის სახის პრაქტიკული განხორციელება, როგორიც ბატონ კასიანოვს სურდა? ვაჭრობასა და ეკონომიკაში? მაინც კონკრეტულად რა იქნებ მოხდეს დაკონკრეტება, თორემ ასეთი ზოგადი საუბარი საკმაოდ არარელევანტურია. იქნებ ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში გაქვთ გულნაკლულობა, როცა სხვა ქვეყნების, საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნების დახმარებას და გვერდში დგომას ადარებთ? იქნებ ჩვენი მიერთება საერთაშორისო მასშტაბის ყველა რეზოლუციაზე არ მოგწონთ? გვითხარით თუ გამოგვრჩა რომელიმე დოკუმენტი.
დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებსა და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა. თუ სწორად გავიგე, თქვენ გსურთ საქართველო პირდაპირ ჩაებას რუსეთთან ომში. ჰოდა ეგრე თქვით. რა საჭიროა ჰუმანიტარულ და კულტურულ ურთიერთობებზე საუბარი.
ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია ცნობილია – ჩვენ ომში არ ჩავებმებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ტონით შეგიძლიათ მიმართოთ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენზე ბევრად უკეთესი შეიარაღება და და სამხედროთა ბევრად მეტი რაოდენობა აქვთ. რაო, არაო? ომში არ ჩავებმებით და ენერგო-მატარებლებსაც შევიძეთ რუსეთისგანო? მდაა. წესით ასეთი გამოცდილების მქონე დიპლომატმა უნდა იცოდეს, რომ მსგავსი განცხადებები აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. იმ ურთიერთობებს, რომლებიც კასიანოვებამდეც იყო და მათი ამ თანამდებობებიდან წასვლის შემდეგაც გაგრძელდება’’ – წერს გაბრიჭიძე.