ირაკლი კობახიძე: ჩვენ იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, ობიექტურად არ არსებობს საბაბიც კი კრიტიკისთვის

ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. ჩვენ განვიხილეთ ყველა თემა, რაც დღეს აქტუალურია შიდა პოლიტიკის კუთხით, ასევე რეგიონულ საკითხებს შევეხეთ. ბუნებრივია, უკრაინის ომს გვერდს ვერ ავუვლიდით, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ – ის ეთერში.

 

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

 

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და იმ უსამართლო ჩანაწერებზე, რომლებიც ამ რეზოლუციაში მოხვდა. ასევე შევეხეთ პოლარიზაციის გაღრმავების და დეოლიგარქიზაციის თემებს. ამაზე გვქონდა ძალიან გულახდილი საუბარი. ავუხსენით, როგორ გამოიყენება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს ჩანაწერი და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, თუ როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. ასევე მეტი დეტალი გავაცანით 12 პუნქტის შესრულების პროცესზე. რა თქმა უნდა, მათი სურვილია, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩართული იყოს ამ პროცესში. ჩვენ იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, ობიექტურად არ არსებობს საბაბიც კი კრიტიკისთვის – არის მკაფიოდ გაწერილი თითოეული პუნქტი, ვინ არის პასუხისმგებელი, რა ფორმატში განიხილება თითოეული საკითხი და ყველა საკითხთან მიმართებით უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ჩართულობა. ამასთან, ძალიან კონკრეტული ვადებია დადგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button