ირაკლი კობახიძე: მთავარი განცხადება, რაც გააკეთა კასიანოვმა, უკავშირდებოდა იმას, რომ უკრაინას სურს საქართველო იხილოს მეორე ფრონტად

მთავარი განცხადება, რაც დღეს გააკეთა კასიანოვმა, უკავშირდებოდა იმას, რომ უკრაინას სურს საქართველო იხილოს მეორე ფრონტად. მერე დამატებითი კითხვა დაუსვეს და იქ გადავიდა იმაზე, რომ არ შევაიარაღეთ ჩვენ უკრაინა, რაც ასევე საქართველოს პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის.

 

„ჩვენ ბრიფინგი ჩავატარეთ ამ თემასთან დაკავშირებით და ოპოზიციას დავუსვით მარტივი კითხვა, ჩამოეწერათ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისთვის და რა არ გავაკეთეთ. ვერც ერთმა ვერ ჩამოწერა. რაც შეეძლო საქართველოს, ყველაფერი გააკეთა, ამიტომ ვერ შეძლეს ამ პუნქტების ჩამოწერა. ჩვენ შეგვეძლო პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც იყო 100-პროცენტიანი. სადაც კი იყო პრინციპული პოზიცია დასაფიქსირებელი პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ყველგან დავაფიქსირეთ. მეორე იყო ჰუმანიტარული მხარდაჭერა. რაც შეეხება სხვა შესაძლო მხარდაჭერას, რაზეც კასიანოვმა ისაუბრა დღეს, ყველაფერს მივყავართ ომამდე. საპარლამენტო ოპოზიციიდან ერთ-ერთ პარტიას წამოსცდა, რომ იარაღი უნდა მიგვეწოდებინაო. „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა ლიდერმა დაპოსტა ეს. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში. შეიარაღების მიწოდება ამას ნიშნავს და ერთადერთი ეს არ გავაკეთეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button