“ტელეკომპანია პირველი დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან!
ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“ნაცმოძრაობის მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი. თქვენ წარმოიდგინეთ მთავარი არხიც კი არ (ან ვერ) კადრულობს ამ ხარისხის „ფეიკებს“. „ტვ1“-ის რეალტივიზაცია წარმატებით შედგა! შეძლეს!
დღეს ცდილობენ ჩემი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეიძინა გარკვეული ქონება.
საუბარია გულივერ კუნჭულიაზე, ჩემს სიმამრზე, რომლის, როგორც მშენებლის პროფესიონალიზმზე და პროფესიულ წარმატებაზე დღემდე არავის გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს.
ზოგადი წარმოდგენისთვის, რაც მე ვიცი და უცებ მახსენდება, მისი კომპანიის ანგარიშზეა შემდეგი ობიექტები:
მთაწმინდის პარკის მშენებლობა; ბადრი პატარკაციშვილის “არკადია”; ქობულეთის პარკი; რესტორანი “არაგვი”; “გუჯარი”; “მცხეთის ღვინის პალატა”; შატო “ასკანა”; სასტუმრო “ახაშენი”; სასტუმრო “ლოპოტა”; ღვინის ქარხნები რუისპირში, ქედაში, ველისციხეში, პატარძეულში, საგურამოში და სხვა ათობით მსხვილი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა თუ რეაბილიტაცია.
ასეთი ადამიანის ფინანსური და ქონებრივი წარმატების ჩემზე მოწერას და მისი კომპანიის რეპუტაციის განადგურებას ცდილობენ – სიუჟეტის ანონსში ჟურნალისტი ამბობს, რომ კომპანია კოტრდება და მტკიცებულებად მოაქვს კადრები და ინტერვიუ ხის ცეხიდან.
სინამდვილეში კი წარმატებული სამშენებლო ბიზნესი, წარმატებული და პროფესიონალი მშენებელი ათწლეულების განმავლობაში ნაშენები შეუბღალავი რეპუტაციით, მილიონობით ლარის ბრუნვა მის კომპანიებზე ორიათასიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული (მაგალითისთვის, მხოლოდ მის ერთ კომპანიას ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილი აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი), ათეულობით სხვადასხვა სახის უძრავი ქონება მის და მისი ოჯახის წევრების სახელზე პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე. მას შემდეგ კი მის მიერ ახალი შენაძენი – სამი მიწის ნაკვეთი (სამივე ნაყიდი, არც ერთი არავის უჩუქებია მისთვის!) და 263 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი დიდ დიღომში 2004 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში, ნაკვეთის საფასურის სანაცვლოდ, საიდანაც 136 კვ.მ. უკვე გაყიდა ბოლო პერიოდში, საგურამოს სახლების მშენებლობისთვის და ამ ყველაფრის ფონზე, ისრების ჩემსკენ გადმოტანის ბინძური მცდელობა მაშინ, როდესაც თავად მე დღემდე მის მიერ 2003 წელს შეძენილ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობ საბურთალოს ქუჩაზე და ზაფხულობით – მის აგარაკზე საგურამოში.
„ტვ1“-მა სინამდვილეში კარგად იცის (საჯარო ამონაწერებით უმარტივესი გასარკვევია), რომ თავისი შვილებისთვის საგურამოში სახლების ასაშენებლად, (მიმდინარე შემოსავლების და საკმაოდ სოლიდური დანაზოგის გარდა) ჯამში სამი ბინა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაყიდა.
სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არც ერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო ტენდერში.
დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია, ვნახოთ ეს სტატუსი რა დოზით და ფორმით მოხვდება სიუჟეტში.
P. S. სიგარეტი ძალიან დიდი ხანია არ მომიწევია და ეს ძველი კადრები დაბლარეთ მაინც”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.