ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპული საბჭოს მიერ გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ხაზი გაესვა ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებასა (AA) და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო და ერთგულ პარტნიორად.

Back to top button