მიხეილ ყაველაშვილი: ველოდებით პასუხს როგორც ქალბატონი დეგნანისგან, ისე ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ხომ არ ყოფილა შეხვედრა და რაზე იყო საუბარი

ველოდებით პასუხს როგორც ქალბატონი დეგნანისგან, ისე ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ხომ არ ყოფილა შეხვედრა და რაზე იყო საუბარი – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ ვერც რუსულმა ნარატივმა იმუშავა, ვერც სტატუსმა, ვერც რევოლუციურმა სცენარმა, 20 ივნისის მოვლენებმა და გადავიდა ბოლო ფაზაზე – ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

 

„გაუგონარი რამ მოხდა შვეიცარიის ბანკში, გაუგონარი რამ მოხდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის და ლოგიკურად გაჩნდა კითხვა – რა უნდათ ამ ადამიანთან, ხომ არ იყო მასთან რაღაც სახის კომუნიკაცია და შანტაჟი, ეს კითხვა დავსვით და მგონი დროა, ვერც ბიძინა ივანიშვილი გაექცევა ამ კითხვებს, ეს უკვე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ყველა ჩვენთაგანის ვალია, ეს პროცესი თავიდან ავარიდოთ საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას. შეიძლება ამ ეტაპისთვის ისინი ასე ფიქრობენ, რომ გლობალური თვალსაზრისით კარგი იქნებოდა საქართველო ჩართულიყო ომში, მაგრამ დაგვიტოვონ არჩევანის საშუალება, არ იყოს ორმაგი სტანდარტი და მანიპულაცია.

 

სწორედ ამისთვის გამოვეყავით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ რომ სიმართლე ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რათა იცოდნენ, რა ეტაპზეა დღეს საქართველოს რეალობა. ველოდებით პასუხს როგორც ქალბატონი დეგნანისგან, ისე ბიძინა ივანიშვილისგან, ხომ არ ყოფილა შეხვედრა და რაზე იყო საუბარი. დღეს საქართველოს მოქალაქეების კითხვებიც ალბათ ამაში მდგომარეობს. ამის საფუძველია ის გამოხმაურებები, რომელიც ჩვენი აქტივობების უკან დგას. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ანალოგიური კითხვები გაუჩნდა და დროა, ვუპასუხოთ. მოვუწოდებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც და თვითონ სახელმწიფოს დამოკიდებულება იყოს, როგორც ჩვენს პარტნიორობას შეეფერება და აქამდე ხდებოდა, რომ ის იმიჯი არ დავაზიანოთ, პირდაპირ ითქვას სათქმელი და გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button