მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და ეს შეხვედრა არ უარყო არც შეერთებული შტატების ელჩმა, არსებობს ლეგიტიმური კითხვა – ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში ან მანამდე ხომ არ გამოთქვა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იმის გამო, რომ სანქციები ვერ დავაწესეთ ობიექტური მიზეზების გამო – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს საინტერესოა არა იმიტომ, პიროვნულად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში და პიროვნულად ქალბატონ კელი დეგნანს ეს აინტერესებს თუ არა, აქ იკვეთება სახელმწიფო ინტერესები.
„მას შემდგომ, რაც დადასტურდა შეხვედრა და დადასტურდა ისიც, რომ ეს იყო ელჩის ინიციატივით, პრობლემას თავად შეხვედრაში კი ვერ ვხედავ, პრობლემას ვხედავთ ჩვენ იმ შესაძლო დასკვნებში, რომელიც შეიძლება გამოიტანოს საზოგადოებამ ამ შეხვედრის შემდეგ. ამიტომ გვინდა, რომ შეერთებული შტატების ელჩმა გაგვცეს პასუხი ამ შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო უკმაყოფილო მთავრობის გადაწყვეტილებით სანქციებთან დაკავშირებით და ომთან დაკავშირებით და ამის შემდგომ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.
ეს საინტერესო იმიტომ კი არ არის რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, პიროვნულად ქალბატონ კელი დეგნანს ეს აინტერესებს თუ არა – აქ იკვეთება სახელმწიფო საკითხები და სახელმწიფო ინტერესები. ეს ხალხს აინტერესებს, თქვენც, მეც, ყველა დავდივართ საზოგადოებაში და მათ ეს აინტერესებთ. ჩვენ გვინდა სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან როგორც იყო, ისე გაგრძელდეს სტრატეგიული ურთიერთობა. სწორედ ამ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის გვინდა არ დარჩეს რაიმე ტიპის ხინჯი და ისეთი კითხვები, რომელმაც შესაძლოა ეს ურთიერთობები დააზიანოს, ამას ხაზგასმით ვამბობ. ჩვენი მიზანია, არ დაზიანდეს ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.