პოლიტიკური უთანხმოების გადადება, კი ბატონო, სიამოვნებით, უბრალოდ ძალიან რთულია. როდესაც მეორე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ალტერნატიული პარლამენტი უნდა შექმნან. ტექნიკური პარლამენტი შექმნეს, სამი პოლიტიკური ჯგუფი რაღაც განცხადებებს აკეთებს, რაღაც ჯგუფებს ქმნის და აქ ვმუშაობთო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„5 პოლიტიკური ჯგუფი მუშაობს ოფიციალურ ფორმატში, სახელმწიფოს რაც დაევალა და რეკომენდაცია მიეცა, ამ ფორმატის პარალელურად, ოღონდ ჩამოანგრიონ ეს ყველაფერი და საბოტაჟი შეფუთონ, ცალკე ფორმატები გააკეთეს. დღეს ვაშაძის განცხადება ვნახე, შვებულებებიდან გამოიყვანეთო, ვაიძულეთო. დღეს, როდესაც მოუწიათ აღიარება, რომ მართლა მუშაობს პარლამენტი, ოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა შედგა, კომიტეტი შედგა, ინტენსიური მუშაობა მიდის და მესიჯი, რომ არ მუშაობს პარლამენტი აღარ ჭრის და ახლა მოიგონეს ახალი ნარატივი, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ შვებულებებიდანო. ამომრჩევლის არჩევანის წინააღმდეგ მიდის ეს ხალხი, როდესაც ტექნიკურ მთავრობას ითხოვს, როდესაც ჩამონგრევას ითხოვს, როდესაც ლეგიტიმაციას არ ცნობს ზოგადად არსებული რეალობის, ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ცდილობენ მოდელირებულ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება, რაც არ გამოუვათ იმიტომ, რომ პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს და ის სისულელეები რაც გვერდზე მოვლენებად შეიძლება წარმოჩნდეს საბოლოო ჯამში არ არის რეალური და პიარული დღის წესრიგია, ოღონდ საბოტაჟური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.