მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ, ევროკავშირის დროშით შეიმოსოთ, რაღაცეები ვითომ ევროპული თქვათ, მაგრამ შედეგად რუსული საქმე მიიღოთ, ვერაფრით გახდებით დასავლური ინტერესების გამტარებლები

დავეთანხმოთ ელჩს განსაკუთრებით იმაში, რომ რუსული ინტერესი ჩანს ხოლმე ბოლოს და ინტერესი კი არ ჩანს მარტო, ჩანს შედეგიც. ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს ვიღაცეებისთვის თავის დროზე, რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ, ევროკავშირის დროშით შეიმოსოთ და შემდეგ რაღაცეები დეკლარირებულად ისევ ვითომ ევროპული თქვათ, მაგრამ შედეგი ისეთი იყოს, რომ რუსული საქმე მიიღოთ, ვერაფრით გახდებით დასავლური ინტერესების გამტარებლები, თან ამ ქვეყნდან. ამ შემთხვევაში ჩვენს ოპოზიციაზე ვსაუბრობ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური.

 

„რადგან ჩვენს მთავარ პარტნიორზე და მის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, აქაც ვთქვათ სიმართლე, მეგობრობა, ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც არასდროს გადაიხედება, ამას მინდა მკაფიოდ ხაზი გავუსვა, კონსტიტუციაში რომ ჩაიწერა ეს ფორმალური მხარეა, მაგრამ ამ სიმყარის ერთ-ერთი ასევე მყარი გამოხატულებაა, მაგრამ ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური.

 

ვერასოდეს ვეღარ გადახედავს ამას ამ ქვეყანაში ვერავინ. ამ გზაზე რომ მივდივართ, ამაზე ვილაპარაკოთ, გზადაგზა რა გვხვდება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება იმას, რომ ეს აღიქმება როგორც ანტიამერიკული განწყობა, მამუკა მდინარაძის თქმით, მთელი კამპანიაა დაწყებული მეორე მხრიდან, რომ ასე აღიქვას ვიღაცამ. „რეალურად არ აღიქმება, აღიქმება უნდა ვთქვათ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს ასე. ნაცები თუ ასე აღიქვამენ და თავის მომხრეებს აჯერებენ, ქართველ ხალხს რა სჯერა და რა არა და რა აღქმა აქვს, ამაზე ვლაპარაკობ. რეალურად არაფერი აღიქმება, ყველა კარგად ხვდება ყველაფერს, რომ შეკამათება რაღაც საკითხებზე არ ნიშნავს კურსიდან გადახვევას. თვითონ დედას აგინებდნენ, ლანძღავდნენ პირდაპირ ეთერში, ის არაფერი იყო და შენ როგორც კი კითხვას დასვამ, ეს არის ანტიდასავლური კურსი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

Back to top button